17/06/2023
18:48
პოლიტიკა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან, სტუდენტთა ნაწილმა თსუ-ს ლექტორის, ირაკლი კობახიძის გადადგომის მოთხოვნით აქცია გამართა.
როგორც სტუდენტებმა განაცხადეს, ირაკლი კობახიძე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს თსუ-ში დაკავებული თანამდებობიდან, რადგან მას უფლება არ აქვს უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდეს.
„ის, რაც ირაკლი კობახიძემ და მისმა ზონდერ ჯგუფმა ჩაიდინა კიდევ ერთხელ ცხადყოფს „რუსული ოცნების“ ისტერიას, რომ მათ მიწა ფეხქვეშ ეწვით იმიტომ, რომ კობახიძე მართლაც რომ უსამშობლოა, რადგან ის ყოველდღიურად ყიდის ქვეყანას თავისივე გადაწყვეტილებებით. ამიტომ არ მოსწონთ, როდესაც სტუდენტები სიმართლით ხვდებიან. ამ ქმედებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ კობახიძის მსგავს კოლაბორაციონისტებს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, რომ თსუ-ს კედლებში, სადაც პეტრე მელიქიშვილი და ივანე ჯავახიშვილი მოღვაწეობდნენ ლექციები იკითხონ”, - განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის მდივანმა, თსუ-ს სტუდენტმა იგორ ნარმანიამ.
სტუდენტების თქმით, ისინი აპირებენ, რომ თსუ-დან პარლამენტთან გადაინაცვლონ, სადაც დღეს, 20:00 საათისთვის საჯარო ლექციის ჩატარება იგეგმება.
0
0