
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტმა რაჭაში საველე-გეოლოგიური კვლევა ჩაატარა. ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მისივე ცნობით, სტუდენტმა რატი რაჭველიშვილმა კვლევა - „რაჭის რეგიონში (კრიხის მიმდებარე ტერიტორია) ზედა ცარცული ნალექების ბიოსტრატიგრაფიული კვლევა“, გეოლოგიის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სამეცნიერო კონფერენციაში გამარჯვების შედეგად მოპოვებული დაფინანსების ფარგლებში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კრიხის მიმდებარედ ჩაატარა.
სტუ-ის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითერების ფაკულტეტის დეკანის თქმით, გამყრელიძის ტექტონიკური დარაიონების სქემის მიხედვით, ტერიტორია, რომელიც რატი რაჭველიშვილმა გამოიკვლია მიეკუთვნება გაგრა-ჯავის ზონის რაჭის დაძირვის ქვეზონას, ფაციალური კომპლექსების მიხედვით აფხაზეთ-რაჭის სტრუქტურულ-ფაციალურ ტიპს. როგორც პროფესორი ნოე ხოზრევანიძე აცხადებს, ჭრილი წარმოდგენილია კარბონატული ნალექებით - ღია ნაცრისფერი, თეთრი და მოყვითალო შეფერილობის კირქვებითა და მერგელებით.
„მსგავსი კვლევების მნიშვნელობა, პირველ რიგში, იმაში მდგომარეობს, რომ სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა, უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნა უშუალოდ საველე პირობებში გამოიყენოს. რატი რაჭველიშვილის მიერ ჩატარებული კვლევა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სასწავლო-პრაქტიკული თვალსაზრისით, არამედ რეგიონის გეოლოგიური აგებულებისა და ზედა ცარცული ნალექების უკეთ შესწავლისთვის. რაჭის რეგიონი გეოლოგიური თვალსაზრისით განსაკუთრებულად საინტერესო ტერიტორიაა, აქ არსებული ქანების, ნალექების, მათი ფაუნისტური შემადგენლობისა და სტრატიგრაფიული თავისებურებების კვლევა საშუალებას გვაძლევს, უფრო სრულყოფილად აღვადგინოთ რეგიონის გეოლოგიური განვითარების ისტორია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ კვლევა სტუდენტის დამოუკიდებელი სამეცნიერო მუშაობის ფარგლებში განხორციელდა. ასეთი პროექტები ხელს უწყობს ახალგაზრდა გეოლოგების პროფესიულ განვითარებას, კვლევითი უნარების ჩამოყალიბებას და მომავალში უფრო მასშტაბური სამეცნიერო სამუშაოებისთვის მომზადებას. ჩვენი მიზანია, სტუდენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რეალურ გეოლოგიურ გარემოში იმუშაონ, გამოიკვლიონ საინტერესო ობიექტები და მიღებული შედეგები სამეცნიერო საზოგადოებას გააცნონ“, - აცხადებს ნოე ხოზრევანიძე.
სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტის განცხადებით, საველე ეტაპზე ჩატარდა საკვლევი ჭრილის დეტალური დოკუმენტირება, დაფიქსირდა GPS კოორდინატები და მოხდა ფოტოგადაღება.
„კვლევის სამეცნიერო მიზანია შეგროვებული მასალის საფუძველზე, ლაბორატორიულ პირობებში მიკროფაუნის გამოყოფა და დეტალური შესწავლა, ხოლო კვლევის საბოლოო მიზანია ჭრილის დეტალური ბიოსტრატიგრაფიული დანაწილება და ზონური ერთეულების გამოყოფა, რეგიონის პალეოგეოგრაფიული და პალეოკლიმატური სურათის აღდგენა, ობიექტის მეცნიერული, საგანმანათლებლო და გეოტურისტული პოტენციალის (გეომემკვიდრეობის) შეფასება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩატარებული საველე სამუშაოები მყარ საფუძველს ქმნის რაჭის ტერიტორიაზე ცარცული ნალექების შემდგომი, უფრო მასშტაბური და მიზანმიმართული შესწავლისათვის“, - აცხადებს რატი რაჭველიშვილი.
0
0