04/05/2023
12:18
სამართალი
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო [სტრასბურგის სასამართლო] მიხეილ სააკაშვილის მიმართ დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე განხილვას აგრძელებს და გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული, აცნობეს „ნეტგაზეთს“ სასამართლოს პრესსამსახურიდან.
კითხვაზე, მიიღო თუ არა სასამართლომ დამატებითი ინფორმაცია მხარეებისგან, რომლის საჭიროებაზეც გადაწყვეტილების მისაღებად 19 აპრილს აცხადებდა, პრესამსახურმა გვიპასუხა:
„დროებით ღონისძიებასთან დაკავშირებული პროცედურები კვლავ განხილვის ეტაპზეა. საკითხზე გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული“.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა 11 აპრილს სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების თხოვნით მიმართეს.
„დროებითი გადავადება, ეს არის სურვილი. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რომ მიეცეს ადამიანს შესაძლებლობა, აღიდგინოს ჯანმრთელობა, თუკი დარჩა მას ამის შანსი“, — განუცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებს.
14 აპრილს სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მოსარჩელისგან [სააკაშვილის მხარე] და საქართველოს მთავრობისგან დამატებითი ინფორმაცია სჭირდებოდა საქმესთან დაკავშირებით და მათ შეკითხვებით მიმართა.
სააკაშვილის ადვოკატები საქმის დეტალებზე არ საუბრობენ.
წყარო: “ნეტგაზეთი”
0
0