
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირად ბლოგზე შეურაცხმყოფელი განცხადებების გავრცელებისთვის პატიმრობის გამოყენება გამოხატვის თავისუფლების უფლებას არ არღვევს.
საქმე ეხება სლოვენიის მოქალაქის, მიტია კუნსტელის მიერ ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარს, სადაც ის ამტკიცებდა, რომ სლოვენიის ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმად, მას ბლოგზე გავრცელებული განცხადებების გამო ექვსთვიანი პატიმრობა შეუფარდეს, არის გამოხატვის თავისუფლების დარღვევა.
მიტია კუნსტელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე დაიწყო მის პირად ბლოგზე ორი ჟურნალისტის შესახებ შეურაცხმყოფელი პოსტების გამო. იგი დამნაშავედ ცნეს და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ ეს იყო ერთადერთი შესაბამისი სასჯელი „ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ხანგრძლივი და სერიოზული შეურაცხყოფის, სამოქალაქო სამართალწარმოებაში დაკისრებული ჯარიმების გადახდაზე უარისა და სინანულის არქონის გათვალისწინებით“.
კუნსტელი ამტკიცებდა, რომ პატიმრობის სახით სასჯელის დაკისრებამ დაარღვია კონვენციის მე-10 მუხლით გათვალისწინებული გამოხატვის თავისუფლების უფლება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მე-10 მუხლის დარღვევა არ მომხდარა.
სასამართლო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ ბლოგპოსტები შეიცავდა „სერიოზულ შეურაცხმყოფელ ენას, რომელიც ჟურნალისტებს უკიდურესად ნეგატიურად წარმოაჩენდა და მათ ტანჯვას იწვევდა“. სასამართლოს მოსაზრებით, „პოსტების შინაარსი უდავოდ აღწევდა სერიოზულობის იმ დონეს, რომ საქმეში ჩაერთო ჟურნალისტების პირადი ცხოვრების, მათ შორის რეპუტაციის პატივისცემის უფლების გამოყენება“. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მიტია კუნსტელმა სადავო პოსტები გამოაქვეყნა ინტერნეტ ბლოგზე, რომელსაც „პირადი დღიური“ უწოდა და ეს გააკეთა, ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებს მიღმა.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე ნათქვამია: „მიუხედავად იმისა, რომ ვ.ვ. და შ.პ. ჟურნალისტები იყვნენ, როგორც ეს ეროვნული სასამართლოების მიერ იქნა დადგენილი, ისინი არ იყვნენ საჯარო პირები. გარდა ამისა, შეურაცხყოფა არ იყო დაკავშირებული მათ პროფესიულ საქმიანობასთან, რადგან მოსარჩელის ბრალდებები ეხებოდა მათი პირადი ცხოვრების ინტიმურ ასპექტებს. შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმე ეხებოდა კერძო პირებს შორის ცილისწამებას, ინტერნეტში საჯაროდ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებით. ევროპის სასამართლო ეთანხმება შიდა სასამართლოების შეფასებას, რომ მოსარჩელის განცხადებები, რომლებიც ძირითადად შეიცავდა ვულგარულ და შეურაცხმყოფელ ენას, არ უწყობდა ხელს არანაირ საზოგადოებრივ დებატებს, არ იყო გამოწვეული ვ.ვ.-ს ან შ.პ.-ს ქმედებებით და წარმოადგენდა მუდმივ შევიწროებას. ამავდროულად, ისინი ხელმისაწვდომი იყო საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანებისთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბლოგს 35 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა და პოსტები შემდგომში სხვა მედიასაშუალებებით გავრცელდა“.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, დაკისრებული სასჯელის ბუნება და სიმძიმე არის ფაქტორები, რომლებიც გასათვალისწინებელია ჩარევის პროპორციულობის შეფასებისას. სასამართლო ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ცილისწამებასთან დაკავშირებულ საქმეებში სისხლის სამართლის სანქციების გამოყენება თავისთავად არ არის არაპროპორციული. ამავდროულად, ამ კონტექსტში თავისუფლების აღკვეთა დარჩება გამონაკლის ზომად, რომელიც თავსებადია მე-10 მუხლთან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა ფუნდამენტური უფლებები სერიოზულად არის დარღვეული. სასამართლო, ასევე, მნიშვნელობას ანიჭებს იმ ფაქტს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგაც კი, მოსარჩელეს მიეცა შესაძლებლობა, თავიდან აეცილებინა პატიმრობა ვ.ვ.-სა და შ.პ.-ს შესახებ შემდგომი პოსტების შეწყვეტით. მიუხედავად ამისა, მან განაგრძო ამის კეთება.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ უპირობო პატიმრობის დაკისრება, როგორც გამოხატვის თავისუფლების კონტექსტში გამონაკლისი ღონისძიება, არ შეიძლება, ჩაითვალოს გადაჭარბებულად ან არაპროპორციულად დასახულ ლეგიტიმურ მიზანთან, კერძოდ, ვ.ვ.-სა და შ.პ.-ს რეპუტაციის დაცვასთან.
„სახელმწიფოებისთვის ხელმისაწვდომი შეფასების ზღვრისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სხვადასხვა კონკურენტი ინტერესების დაბალანსება სათანადოდ განხორციელდა ეროვნული სასამართლოების მიერ, სასამართლო ვერ ხედავს დამაჯერებელ მიზეზს, ეროვნული სასამართლო ხელისუფლების შეფასება საკუთარი შეფასებით ჩაანაცვლოს. ამრიგად, განმცხადებლის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა გონივრულად შეიძლება ჩაითვალოს, როგორც „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“. შესაბამისად, კონვენციის მეათე მუხლის დარღვევას ადგილი არ ჰქონია“, – აღნიშნულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
0
0