08/08/2023
12:11
სამხედრო
საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შოვში მიმდინარე სტიქიის სალიკვიდაციო და სამძებრო სამუშაოებს განაგრძობენ. სტიქიის ზონაში სამხედროებთან ერთად მუშაობენ ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონის რეზერვისტები.
წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, 102-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა სამხედროებთან და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებთან ერთად სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობს.
ისინი სტიქიის ზონაში სამ ლოკაციაზე არიან გადანაწილებულნი და მხარდამჭერ ღონისძიებებს ახორციელებენ. პირად შემადგენლობას გავლილი აქვს სპეციალური მომზადება შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით.
102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი გასულ წელს ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობდა. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო და სამძებრო სამუშაოებში ჩართულები არიან თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონები და ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა სპეციალური ტექნიკით.
0
0
გმირთა მოედანზე საპროტესტო აქცია დასრულდა
23/11/2024