18/11/2022
21:54
პოლიტიკა
სტატუსს მიიღებს საქართველო, იმიტომ რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ. რა თქმა უნდა ესაა პოლიტიკური გადაწყვეტილება და ჩვენ ამისთვის ყველა ნიადაგს ვქმნით, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენს პარტნიორებს ვაჩვენოთ სრული მზაობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ურთულესი დროა, მაგრამ არის შესაძლებლობა, რომ საქართველო ამ გამოწვევებით სავსე ეპოქიდან გამარჯვებული გამოვიდეს.
„24 საათი ლაპარაკობთ სტატუსზე, გასაგებია, გავიგეთ, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ სტატუსი არის მნიშვნელოვანი. ასევე მინდა შეგახსენოთ, ჩვენს თანამოქალაქეებს მინდა ვუთხრა, რომ კანდიდატის სტატუსი ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მიღებული და მას შემდეგ ისინი წლებია ელოდებიან წევრობასაც და არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა მათ შემთხვევაში. ეს არის ერთი ეტაპი, ესაა პროცესი, ამის შემდეგ იწყება კიდევ სხვა პროცესი და ა.შ. წლები დასჭირდება იმას, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი", განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა კონსტრუქციულ ოპოზიციას და განაცხადა, რომ პოლარიზაციის დასრულება შესაძლებელია.
"ისევ და ისევ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ დღეს ვფიქრობ სასარგებლო იყო აქ გამართული საუბარი, დებატები სამწუხაროდ კონსტრუქციულ რეჟიმში ვერ შედგა. მე მინდა მადლობა გადავუხადო კონსტრუქციულ გამომსვლელებს ოპოზიციიდან, ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს დავუმტკიცოთ რომ შეგვიძლია პოლარიზების დასრულებაც, შემცირებაც, ეს მხოლოდ ჩვენს ნებაზეა დამოკიდებული. ეს ნება გაცხადებულია ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, თანმხვედრი ნაბიჯი უნდა იყოს გადმოდგმული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან,“- აღნიშნა პრემიერმა.
როგორც ცნობილია, დღეს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში მოუსმინეს.
0
0