
ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს განცხადებით, მოსკოვსა და კიევს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების ინიცირებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უბრალოდ დროს აჭიანურებს, სინამდვილეში კი - უკრაინაში ომის დასრულებით დაინტერესებული არ არის.
,,მე მჯერა, რომ, ეს ჯერჯერობით, თამაშებია, რასაც მოჩვენებითი ტაქტიკა ჰქვია - დროის მოგების მცდელობაა და ვითარების ისე წარმოჩენა, თითქოს მშვიდობის მიუღწევლობის მიზეზი უკრაინაა, მაგრამ, სინამდვილეში, ისინი [რუსები] დროს აჭიანურებენ და არ სურთ ომის დასრულება ახლა, სულ მცირე, უახლოეს მომავალში. ეს იმიტომ ხდება, რომ პუტინს უკრაინის მაქსიმალურად დიდი ნაწილის ოკუპაცია სურს“, - განუცხადა გრიბაუსკაიტემ ჟურნალისტებს.
გრიბაუსკაიტემ ასევე აღნიშნა, რომ ბირთვული შეკავება თანამედროვე ომის პირობებში უმნიშვნელოა.
„რაც შეეხება ბირთვულ შეკავებას, ვიტყოდი, რომ ბირთვული შეკავება მოძველებული დოქტრინაა. ბირთვული შეკავება ეფექტური იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ცივი ომის დროს, მაგრამ ახლა - არა. ვერცერთი ,,ქოლგა’’ ვერ დაგვეხმარება, რადგან ახლა ჩვენ სრულიად განსხვავებული იარაღი და ომის სრულიად განსხვავებული ხასიათი გვაქვს. ბირთვული იარაღი არავის შეაშინებს. ახლა სხვა საფრთხეები არსებობს, რომლებიც უფრო საშიშია, ვიდრე ბირთვული იარაღი. არ არის საჭირო შეშინება და ამაზე ყურადღების მიქცევა, რადგან ეს მოძველებული ინსტრუმენტია. შესაძლოა, რუსებს თავად ეშინიათ ბირთვული იარაღის, დაე, ეშინოდეთ!“, - განაცხადა გრიბაუსკაიტემ.
ახლახანს, პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების საჭიროება არ არსებობს და იმედი გამოთქვა, რომ ასეთი საჭიროება არც იქნება.
0
0