
კომპანია „თელასის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდებთან მუშაობა. კომპანია აქტიურად ჩართულია კვალიფიციური კადრების მომზადებისა და ახალგაზრდა სპეციალისტების დასაქმების პროცესში.
2023 წელს სს „თელასსა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ხელმოწერილი თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კომპანია უზრუნველყოფს საწარმოო პრაქტიკის გავლას გამოცდილი თანამშრომლების ხელმძღვანელობით.
წელს კომპანიაში სტაჟირება 36 სტუდენტმა გაიარა, საიდანაც 29 ტექნიკური საქმიანობის სამმართველოში მუშაობდა. სტაჟირების შემდეგ 13 ახალგაზრდა სპეციალისტი კომპანიის ტექნიკური საქმიანობის სამმართველოს საველე პოზიციებზე დასაქმდა - გამანაწილებელი ქსელის სამსახურის საექსპლუატაციო რაიონებში.
სს „თელასის“ გენერალური დირექტორის სერგეი კობცევის თქმით, სტუდენტური სტაჟირების პროგრამა უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ თავად კომპანიისთვისაც, რადგან შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა ღირებული ახალგაზრდა კადრების მოსაზიდად.
პირველად „თელასსა“ და „სტუს“ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება 2006 წლის მაისში გაფორმდა, რომელიც პერმანენტულად ახლდება. ეს თანამშრომლობა მოიცავს სტაჟირების პროგრამას, ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის კომპანიის გამანაწილებელი ქსელის ბაზაზე პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარების პროგრამას და ახალგაზრდების დასაქმების პროგრამას ზაფხულის პერიოდში. გარდა ამისა, სს „თელასი“ ენერგეტიკის ფაკულტეტს ეხმარება ენერგეტიკის მენეჯმენტის ახალი საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამის შემუშავებაში. „თელასის“ მხარდაჭერით და დაფინანსებით ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა რამდენიმე უნიკალური ლაბორატორია, სადაც სწავლობენ არა მხოლოდ ბაკალავრიატის სტუდენტები, არამედ მაგისტრანტები და დოქტორანტები, ასევე სტაჟირებას გადიან და კვალიფიკაციას იმაღლებენ სხვადასხვა ენერგეტიკული კომპანიების თანამშრომლები.
0
0