ელექტრომომარაგების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით 2024-2028 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში სს „თელასმა“ ქვესადგურში „საბურთალო-1“ რეკონსტრუქციისა და მოდერნიზების პროექტი დაასრულა.
სამუშაოები ჩატარდა ქვესადგურის 35 კვ ძაბვის ღია გამანაწილებელ მოწყობილობასა და ოპერატიული მართვის პუნქტში.
პროექტის ფარგლებში 35 კვ ღია გამანაწილებელში დამონტაჟდა ვაკუუმური ამომრთველები კოლონური გამთიშველებით, რომლებსაც გააჩნია დისტანციური მართვის შესაძლებლობა. მოძველებული ძაბვის ტრანსფორმატორები შეიცვალა ახალი მშრალი სხმული იზოლაციის ტრანსფორმატორებით.
ქვესადგურის ოპერატიული მართვის პუნქტში დამონტაჟდა სარელეო დაცვის, მართვისა და ავტომატიკის თანამედროვე კარადები, რომლებიც აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების მიკროპროცესორული სარელეო დაცვის ტერმინალებით.
„პროექტის მეშვეობით მნიშვნელოვნად გაიზარდა საბურთალოს რაიონის 30 000 აბონენტის ელექტრომომარაგების ხარისხი და საიმედოობა. ამასთანავე ტექნიკური პერსონალისათვის სამუშაო ადგილზე გაუმჯობესდა ეკოლოგიური და შრომის დაცვის უსაფრთხოების პირობები“ - განაცხადა სს „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.
0
0