05/09/2022
20:28
პოლიტიკა
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კახი კალაძის განცხადებას სრულიად ეთანხმება.
კობახიძემ აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც მას ჟურნალისტებმა სთხოვეს, შეეფასებინა კახა კალაძის დღევანდელი განცხადება, სადაც კალაძე ამბობს, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც დეოლიგარქიზაციასა და დებიძინიზაციაზე საუბრობენ, ამ ქვეყნის მტრები არიან.
„სრულიად ვეთანხმები კახი კალაძის განცხადებას. მან თქვა, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც საუბრობენ ე.წ. დებიძინიზაციაზე, არიან ქვეყნის მტრები. მათ ამოძრავებთ მტრული მოტივაცია, რაც ძალიან სამწუხარო და ძალიან მძიმეა. თუმცა პარლამენტარები არიან და ყველა პარლამენტში არიან ასეთი ადამიანები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, კობახიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა იმ გზებზე, თუ როგორ აპირებენ ევროკავშირის მიერ დადგენილი მე-5 პუნქტის შესრულებას, რომელიც დეოლიგარქიზაციას ეხება.
„დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთავაზება. ჩვენ ვთარგმნეთ უკრაინული კანონი და მცირე ადაპტაციით მოხდა მისი დაკოპირება. ეს საკითხი განიხილება სამუშაო ჯგუფში. რატომ უკრაინული კანონი? იმიტომ რომ არაფერზე არაა მორგებული, ქართულ რეალობაზე არ არის მორგებული, ეს დოკუმენტი განყენებულ სივრცეში ჩამოყალიბებულია. თემა არის ზოგადი და ძალიან მარტივად შეიძლება, გამოგვადგეს. ოლიგარქი ყველა მოხვდება. ჩვენ თუ ჩავხედავთ უკრაინულ კანონს, იქ არის ოთხი კრიტერიუმი. ამ ოთხი კრიტერიუმიდან ოლიგარქი სამს უნდა აკმაყოფილებდეს. ამ კანონის მიხედვით ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად ვერ ჩაითვლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე: „სპეციალურად მიიღეთ ივანიშვილისთვის ეს კანონი“, კობახიძემ უპასუხა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინული კანონი არ ერგება ივანიშვილს, მაგრამ პირდაპირ ერგება არაერთ ადამიანს, რომელიც ოპოზიციასთან არის დაკავშირებული.
„გამოდის რომ უკრაინელებმა მიიღეს ჩვენთვის ჩვენზე მორგებული კანონი?. იმიტომ დავაკოპირეთ ეს კანონი, რომ ის არაფერზე არ არის მორგებული. ბიძინა ივანიშვილს არ ერგება, მაგრამ პირდაპირ ერგება არაერთ ადამიანს, რომელიც დაკავშირებულია ოპოზიციასთან. მაგალითად, კეზერაშვილი, ხაზარაძე-ჯაფარიძე, სააკაშვილი, ჭუტა წერეთელი და ასე შემდეგ. ამ ადამიანებს ერგებათ ოლიგარქის ცნება და ამიტომ არის ალბათ, რომ ისინი მძიმედ განიცდიან უკრაინული კანონის კოპირებას“, -აღნისნა კობახიძემ.
0
0