
საქართველოს პროკურატურამ, სპორტსმენ ბექა ონიანისთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 16 მაისს, თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულმა რამოდენიმეჯერ დაარტყა დაზარალებულს, რის შედეგადაც დაზარალებული ძირს დავარდა და თავის არეში სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიიღო.
სამართალდამცავებმა ბრალდებული 18 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ცნობისთვის, შემთხვევა 16 მაისს მოხდა. სპორტის ახალ სასახლესთან სპორტსმენ ბექა ონიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მძიმე დაზიანებები მას საფეხბურთო მატჩის შემდეგ მიაყენეს. ონიანი კავკასიის მედიცინის ცენტრშია მოთავსებული და კომაში იმყოფება.
ოჯახმა გუშინ განაცხადა, რომ თავდამსხმელი ივა ტყეშელაშვილია. ბექა ონიანის დედის, ნინო შერმადინის განცხადებით, დაპირისპირება სხვა მოთამაშეებს შორის დაიწყო ფუტსალის (დარბაზის ფეხბურთის) თამაშისას.- „ჩემი შვილი არის ფუტსალის „დინამოს“ მოთამაშე, გუშინ ჰქონდათ თამაში თსუ-ის გუნდთან“
მისივე ცნობით, 16 მაისს, საღამოს, სიტყვიერი ინციდენტი მალე ამოიწურა, თუმცა თამაშის დასრულების შემდეგ ბექა ონიანს პარკინგზე დახვდა მოწინააღმდეგე გუნდის წევრი და სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის არეში სცემა.
„როგორც ვიცი, კამერაში ჩანს, როგორ მიდის ეს პიროვნება, ურტყამს ხელს... ტრავმა ისეთია, რომ ცარიელი მუშტით ასეთ ტრავმას ვერ მიაყენებდა“, - ამბობდა დედა.
0
0