
როგორც გერმანული ჟურნალი Spiegel-ი იუწყება, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გერმანიაში ვიზიტი ვადაზე ადრე დაასრულა და სუმის ოლქში მოსალოდნელი რუსული საფრთხის გამო უკრაინაში დაბრუნდა.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის, კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო პრემიის გადაცემას უნდა დასწრებოდა, თუმცა ბოლო წუთს გეგმები შეიცვალა.
„ცხადია, ზელენსკიმ, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, შეუფერებლად მიიჩნია საზეიმო ღონისძიებაზე საზღვარგარეთ ყოფნა“, - ციტირებს გამოცემა.
ამავდროულად, უკრაინის დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო UNIAN-ი უარყოფს გერმანული გამოცემის ინფორმაციას.
„Spiegel-ის ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ გერმანიაში ვიზიტი გათვალისწინებულ დროზე ადრე დაასრულა, რეალობას არ შეესაბამება“, - იუწყება უკრაინული სააგენტო წყაროებზე დაყრდნობით.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბორის პისტორიუსმა და მისმა უკრაინელმა კოლეგამ, რუსტემ უმეროვმა, 28 მაისს, ბერლინში ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინაში შორ მანძილზე მოქმედი იარაღის წარმოების დაფინანსების შესახებ. გარდა ამისა, ხელი მოეწერა კონტრაქტს უკრაინასა და გერმანიის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს შორის. უმეროვი ზელენსკისთან მოლაპარაკებებისთვის ბერლინში ჩავიდა.
0
0