
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, მათ კლინიკა „ვივამედში“ 46 წლის იოსებ გორგაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.
როგორც უწყებაში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყეს, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კომენტარი პენიტენციურ სამსახურს ჯერ არ გაუკეთებია.
პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ გორგაძის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ მიაწოდა. ადვოკატის თქმით, პატიმარი გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში" დაზიანებებით იანვრის თვეში გადაიყვანეს.
ადვოკატის განმარტებით, გორგაძე ციხეში სასიკვდილოდ სცემეს და აწამეს. თუ ვისი მხრიდან განხორციელდა ძალადობა, პატიმრების, თუ იქ მომუშავე თანამშრომლების, ეს ადვოკატისთვის უცნობია.
ღურწკაიას თქმით, გორგაძეს სახის ძვლები ჰქონდა დალეწილი, უფრო კონკრეტულად, ადვოკატის განმარტებით, პატიმარს სახის არეში დაახლოებით, 30-მდე მოტეხილობა და ასევე ტვინის შეშუპება ჰქონდა.
რაც შეეხება თავად იოსებ გორგაძეს, მას ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
0
0