18/11/2024
11:53
კონფლიქტები
ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია დე ფაქტო ლიდერის, ალან ბჟანიას მის ადმინისტრაციის შენობაში შეშვებას არ აპირებს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.
„ეს მიუღებელია, ის ამ შენობაში აღარ შემოვა“, - განაცხადა ოპოზიციის წარმომადგენელმა ადგურ არძინბამ. მისი თქმით, ბჟანიას გადადგომის შესახებ განცხადების დაწერა „ნებისმიერ ადგილას შეუძლია“.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი ე.წ. სამთავრობო შენობებიდან წასვლას არ აპირებენ, რაც ასლან ბჟანიას მოთხოვნაა. არძინბამ მიტინგზე ოპოზიციის ალტერნატიული წინადადება გააჟღერა.
„წინ საპრეზიდენტო არჩევნებია. როგორც მე მივხვდი, ასლან ბჟანია ამ არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს. და მან რომც არ მიიღოს მონაწილეობა, მისი გუნდის რომელიმე წევრი ამას აუცილებლად გააკეთებს. თუ ჩვენ შევთანხმდებით, რომ პრეზიდენტის მოვალეობას დღევანდელი ვიცე-პრეზიდენტი ბადრი გუნბა შეასრულებს, მაშინ მინისტრთა კაბინეტი უნდა გადადგეს, ხოლო პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ჩვენი ადამიანი ინიშნება, ანუ კომპრომისული პიროვნება. ამით აღმასრულებელი ხელისუფლების დაბალანსება მოხდება და საპრეზიდენტო არჩევნებზე ადმინისტრაციული რესურსი მოქმედი ხელისუფლების ინტერესებში არ იქნება გამოყენებული“, - განაცხადა არძინბამ.
ადგურ არძინბას თქმით, ასლან ბჟანიასთან რამდენიმე დელეგაცია გაიგზავნა და ის ამბობს, რომ „მზად არის გადადგომის შესახებ განცხადება დაწეროს, მაშინ გააკეთოს ეს!“
ცნობისთვის, 16 ნოემბერს ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ თანამდებობას მას შემდეგ დატოვებს, რაც აქციის მონაწილეები სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობების კომპლექსს დატოვებენ. აქციის მონაწილეები ამ მოთხოვნას არ ეთანხმებიან და ბჟანიას უპირობო გადადგომას მოითხოვენ.
0
0
გერმანიაში ირანის სამივე საკონსულო დაიხურა
21/11/2024