
უკრაინული ონლაინ გამოცემა Ukrainska Pravda, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
6-11 ივნისს ჩატარებული კვლევის თანახმად, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები უახლოეს მომავალში რომ ტარდებოდეს, მოქმედი პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხმების 21.8%-ით მეორე ტურში გადავიდოდა, თუმცა საბოლოო ჯამში ვალერი ზალუჟნისთან დამარცხდებოდა.
“თუ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები უახლოეს მომავალში გაიმართება, უკრაინელების უმრავლესობა პირველ ტურში ხმას მოქმედ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის ელჩს დიდ ბრიტანეთში და ყოფილ მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის მისცემს.
გამოკითხვა სოციოლოგიური კვლევების (SOCIS) ცენტრის მიერ 6-11 ივნისს არის ჩატარებული.
კვლევის თანახმად, თუ ეს ორი კანდიდატი იყრის კენჭს, გამოკითხულთა 21.8% ზელენსკის, ხოლო 19.6% ზალუჟნის მისცემდა ხმას. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა დიდი რაოდენობას (24.7%) გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.
კანდიდატების შემოთავაზებულ სიაში ასევე შედიოდნენ ყოფილი პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო, დაზვერვის უფროსი კირილ ბუდანოვი, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და სხვები.
თუ გადაუწყვეტელ პირთა ხმებს გამოვრიცხავთ, ზელენსკი პირველ ტურში ხმების 30.9%-ს მიიღებდა, ხოლო ზალუჟნი - 27.7%-ს. მეორე ტურში SOCIS-ის გამოკითხვამ ზალუჟნის გამარჯვება აჩვენა, რომელიც ხმების 41.4%-ს მიიღებდა. ზელენსკი ხმების 27%-ს მიიღებდა, ხოლო გამოკითხულთა კიდევ 15.7% ორივე კანდიდატის წინააღმდეგ მისცემდა ხმას.
ცნობისთვის, კვლევაში 2000 რესპონდენტი კვოტირებული სტრატიფიცირებული შერჩევისა და პირადი ინტერვიუების გამოყენებით მონაწილეობდა. სტატისტიკური შეცდომა (სარწმუნოების ინტერვალი) +/- 2.6%-ია”-წერს გამოცემა “უკრაინსკაია პრავდა”.
0
0