18/07/2022
13:59
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.
ადვოკატის განცხადებით, გოგაშვილი ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარე გეგმავს, რომ დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდება მოითხოვოს.
ამასთან, პროკურატურა პერსონალური და საიდუმლო მასალების ამსახველი დოკუმენტაციის გამო სხდომის დახურვას ითხოვს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა იოსებ გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236 მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
0
0