16/07/2022
20:49
სამართალი
სუსის ყოფილი მაღალჩინოსნის საცხოვრებელ სახლში 13-საათიანი საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. გოგაშვილი დაკავებულია და ის უკვე დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს, თუმცა ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის, კონკრეტულად რას ედავება გამოძიება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს.
დაკავებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სახლიდან კომპიუტერულ ტექნიკასთან და ტელეფონებთან ერთად ორი გაუფორმებელი ცეცხლსასროლი იარაღიც ამოიღეს, რომელიც მათივე მტკიცებით გოგაშვილს არ ეკუთვნოდა. დაკავებულის მეუღლე ფიზიკურ ძალადობაზეც საუბრობს.
სუსის უფროსის ყოფილი მოადგილის სახლში სპეცოპერაცია გუშინ გვიან ღამით დაიწყო - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს მხოლოდ მცირე განმარტება გააკეთეს. უწყების ცნობით, სახლის ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა, რის შემდეგაც სუსის ინფორმაციით, გოგაშვილის დაკავება გარდაუვალი იყო. ცოტა ხნის წინ დაკავებული სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მოინახულა და მის მდგომარეობას გაეცნო.
„რაც ჩემი თვალითაც დავინახე, იყო სახის არეში შეშუპება, ხელის მტევნებზე და მუხლებზე სილურჯეები, რაც დაკავების დროს მოხდა. მას შემდეგ ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც თავად თქვა. თვითონ ამბობს, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ იგეგმებოდა მისი დაკავება. შეტყობინება არ ყოფილა მის მიმართ გაკეთებული და, შესაბამისად, არ ელოდებოდა მსგავსი სახის სპეცოპერაცია რომ ინიშნებოდა“, - განაცხადა სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა გოგაშვილთან შეხვედრის შემდეგ.
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს. მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა - საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას.
0
0