27/12/2023
19:47
მსოფლიო
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან მშვიდობის რეალური შესაძლებლობის ფანჯარას ხედავს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხური მედია ავრცელებს.
მირზოიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერევანმა არაერთხელ გამოხატა თავისი მზაობა, კეთილსინდისიერად და კონსტრუქციულად მიიღოს მონაწილეობა აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში, რომლის მიზანია ურთიერთობების ნორმალიზება და მშვიდობის დამყარება.
სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს და ამჟამად მუშაობა კონკრეტულად სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე მიმდინარეობს.
"რამდენიმე დღის წინ მივიღეთ წინადადებები აზერბაიჯანიდან, შევისწავლით და ვუპასუხებთ, წარმოვადგენთ ჩვენს წინადადებებს", - აღნიშნა მირზოიანმა.
"მართლაც არსებობს მშვიდობის შესაძლებლობა, სირთულეებისა და მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის დეპორტაციის მიუხედავად. ჩვენ ვხედავთ ამ შესაძლებლობას. მაგრამ სამწუხაროდ, ვერცერთი სახელმწიფო ამას ცალმხრივად ვერ გააკეთებს. აუცილებელია აზერბაიჯანის კონსტრუქციული პოზიცია. არის შესაძლებლობა, მაგრამ ეს მხოლოდ სომხეთზე არ არის დამოკიდებული და ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანი კონსტრუქციულ მიდგომას გამოაჩენს", - დასძინა მან.
0
0