22/05/2023
12:40
პოლიტიკა
რუსეთსა და საქართველოს შორის საზღვაო ტვირთების გადაზიდვა დაიწყო ნოვოროსიისკი-ბათუმი-ნოვოროსიისკის მარშრუტით, იტყობინება სომხური საინფორმაციო სააგენტო "Armenpress" C&M International-ის დირექტორზე დავით ილოიანზე დაყრდნობით.
მისივე თქმით, ამ მიმართულებით ორი ტვირთის გადაზიდვა უკვე განხორციელდა. რეისები, სავარაუდოდ, ყოველკვირეული იქნება.
„დღეს ჩვენს გემს შეუძლია 350 კონტეინერის გადატანა. 18 აპრილს ჩვენ წარმატებით დავასრულეთ პირველი გადაზიდვა. ვგეგმავთ ყოველკვირეულად ერთ რეგულარულ რეისს ნოვოროსიისკსა და ბათუმს შორის და უკან. მოთხოვნის პარალელურად, საჭიროებისამებრ, 2-3-ჯერ შევძლებთ ტრაფიკის გაზრდას. ახლა მთავარია კვირაში ერთხელ რეგულარული, სტაბილური ტრანსპორტირება განხორციელდეს“, - აღნიშნა დავით ილოიანმა.
ერევანში ამბობენ, რომ ახალი მარშრუტი ზემო ლარსის გავლით გზის ალტერნატივაა.
„ჩვენ შეგვიძლია გარანტირებული ვიყოთ სტაბილური პირობებით და სტაბილური ფასებით ტვირთის გადაზიდვაზე, რაც ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია სახმელეთო ტვირთის გადაზიდვის შემთხვევაში. სატვირთო მანქანების დიდი ნაკადების პირობებში ზემო ლარსის გამტარუნარიანობა არ არის საკმარისი, პრობლემები მუდმივად ჩნდება. ექსპორტიორებს ან იმპორტიორებს არ შეუძლიათ პროდუქციის დროულად მიწოდება პარტნიორებისთვის. საზღვაო მარშრუტის შემთხვევაში, მსგავსი პრობლემები არ იქნება. ჩვენ გვქონდა მხოლოდ ერთი გზა - ზემო ლარსი, დღეს არის მეორე“, - განაცხადა ილოიანმა და დასძინა, რომ თუ ტვირთის გადაზიდვის ნაწილი საზღვაო გზით განხორციელდება, მაშინ ზემო ლარსზე მანქანების ნაკადიც შემცირდება. ტურისტებს გაუადვილდებათ გადაადგილება.
სომხური კომპანიის მესიჯზე საქართველოს მთავრობას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.
0
0