
სომხეთის ეკონომიკის სამინისტრომ მთავრობას განსახილველად წარუდგინა სომხური ბიზნესების მხარდაჭერის პროგრამა, რათა ხელი შეუწყოს მათი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტს.
სომხური მედიის თანახმად, ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, გევორგ პაპოიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
სომხეთის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება რუსეთის მიერ სომხური საქონლის იმპორტის შეზღუდვების გათვალისწინებით მიიღო.
კითხვაზე, ევროპული სტანდარტებისა და სომხური პროდუქციის ხარისხის გათვალისწინებით, რამდენად რეალისტურია ევროკავშირში სომხური პროდუქციის ექსპორტი, სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა: „ეს სრულიად შესაძლებელია, რადგან ჩვენი ექსპორტირებული ხილი და ბოსტნეული Global Gap-ის სერტიფიცირებულია, რაც სერტიფიცირების ერთ-ერთი უმაღლესი დონეა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არის ის, რაც ევროპულ სუპერმარკეტებში იყიდება. თუმცა, ამას სხვა ხარჯებიც ახლავს თან, მაგალითად, ტრანსპორტირება. ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ჩვენ მარწყვს იმავე ტექნოლოგიებით, მეთოდებით და იმავე სათბურებში ვზრდით, როგორც ევროპაში. რა განსხვავებაა? განსხვავება ისაა, რომ, მაგალითად, ფრანგი ნიდერლანდელი ფერმერისგან ყიდულობს ნერგებს, გადააქვს 200 კილომეტრზე, რგავს, შემდეგ მარწყვს კიდევ 200 კილომეტრზე გადააქვს და ყიდის. იქ ხარჯები მაქსიმუმ 500 დოლარს შეიძლება, მიაღწიოს. ჩვენს შემთხვევაში, ნერგების აქ გადასაზიდად 8 000 დოლარი უნდა გადავიხადოთ, შემდეგ კიდევ 8 000 დოლარი მარწყვის ევროპაში გადასაზიდად და შემდეგ 8.8-14-პროცენტიანი საბაჟო გადასახადები უნდა გადავიხადოთ. ერთხელ ითქვა, რომ ჩვენ ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში იმიტომ ვწევრიანდებოდით, რომ ჩვენი ხილი და ბოსტნეული მხოლოდ რუსეთში იყიდებოდა. ეს აღარ არის ასე; ეს სტანდარტები ისედაც ყველაზე მაღალია ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში, ყველაზე მაღალია ევროკავშირში და ჩვენი პროდუქცია ამ უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. ახლა ტრანსპორტირების საკითხი კვლავ აქტუალური რჩება. დღეს ჩვენ მთავრობას ამ მხრივ კომპენსაციის პროგრამა წარვუდგინეთ. ჩვენ სუბსიდირებას გავუწევთ ჩვენს სოფლის მეურნეობის ექსპორტიორებს, რათა მათ ევროპის ბაზარზე კონკურენტუნარიანი ფასები შესთავაზონ“, – აღნიშნა გევორგ პაპოიანმა.
კითხვაზე, ევროკავშირის რომელ ქვეყნებში შეძლებენ სომხური ბიზნესები თავიანთი საქონლის ექსპორტს, პაპოიანმა უპასუხა: „ყველა ევროპულ ქვეყანაში, საბერძნეთიდან გერმანიამდე“.
0
0