
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმება ორ ქვეყანას შორის შეუფერხებელ კავშირს უზრუნველყოფს, სომხეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ხალხის პატივისცემით. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილემ, ანნა კელიმ განაცხადა.
„ეს [შეთანხმება] ორ ქვეყანას შორის შეუფერხებელ კავშირს უზრუნველყოფს, სომხეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და მისი ხალხის პატივისცემით…
სამუშაო ჯგუფები დაუყოვნებლივ ამოქმედდებიან მომდევნო თვეებში საგზაო რუკის დეტალების სრულად განსახორციელებლად. მშვიდობისკენ ამ გზაზე დადგომით სამხრეთ კავკასიის რეგიონის სრულ პოტენციალს ვხსნით ვაჭრობაში, ტრანზიტსა და ენერგეტიკის ნაკადებში,” - განაცხადა კელიმ.
ცნობისთვის, 8 აგვისტოს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევს მიიღებს. შეხვედრების შედეგად დაგეგმილია სამშვიდობო შეთანხმებისთვის საბოლოო ფორმის მიცემა, რომელიც აშშ-ს სამხრეთ კავკასიაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი სატრანზიტო მარშრუტის განვითარებისთვის ექსკლუზიურ უფლებას მისცემს. მისი სახელი “ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის” (TRIPP) იქნება.
არსებული ინფორმაციით, პროექტი სომხეთის იურისდიქციის ქვეშ იმოქმედებს, ხოლო შეერთებული შტატები, თავის მხრივ, მიწას იჯარით გადასცემს კონსორციუმს, რომელიც მშენებლობასა და მართვაზე იქნება პასუხისმგებელი.
0
0