
სომხეთის სასამართლომ არასრულწლოვან დავით მინასიანს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის დაცვის წევრებთან დაკავშირებულ ინციდენტში მონაწილეობისთვის პატიმრობა შეუფარდა.
სომხური მედიის თანახმად, სასამართლომ, რომელსაც მოსამართლე მნაცაკან მარტიროსიანი თავმჯდომარეობდა, საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ამასთან, დავითის ძმა, მიკაელ მინასიანი და გევორგ გევორგიანი, რომელიც ასევე იმავე საქმეშია ჩართული, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ სომხური ეკლესიის ბზობის კვირას ფაშინიანი და მისი თანმხლები პირები სურბ ანას ეკლესიაში წირვაზე მივიდნენ. სომხური მედიის ინფორმაციით, დაცვის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, რომ სახელმწიფოს მეთაურისთვის შესასვლელთან დგომა შეუფერებელი იყო და მრევლის განზე გაწევა დაიწყეს, რათა ფაშინიანს საკურთხევლისკენ მიმავალი გზა გახსნოდა.
სომხური მედია წერს, რომ ამ საქციელით ბევრი უკმაყოფილო იყო და ტყუპმა ძმებმა, სკოლის მოსწავლეებმა, პროტესტი გამოხატეს. ამან გამოიწვია ინციდენტი, რომელიც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. შემდეგად, არასრულწლოვნები დააკავეს.
0
0