
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორ ირაკლი გულედანთან ერთად, მეღორეობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ფერმერებს გააცნეს ინფორმაცია ღორის ძირითადი დაავადებების, მათი პრევენციისა და დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის შესახებ, ასევე ლაბორატორიული კვლევების როლზე უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაში.
ფერმერები დეტალურად გაეცნენ ლაბორატორიის შესაძლებლობებს, კვლევის თანამედროვე მეთოდებს, ნიმუშის სწორად აღებისა და მიწოდების პროცედურებს, ასევე მომსახურების ხელმისაწვდომობას რეგიონებში. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს დარგში არსებული გამოწვევები და ფერმერების საჭიროებები.
„ღორების დაავადებების დროულ დიაგნოსტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის, ისე ადამიანთა უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ მხრივ განსაკუთრებით ყურადსაღებია ტრიქინელოზი, ერთ-ერთი პარაზიტული დაავადება ღორებში. ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია, ფერმერმა დროულად მიმართოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას, რათა უზრუნველყოფილი იყოს როგორც დაავადების ზუსტი დიაგნოსტიკა, ისე შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება. ფერმერების საჭიროებები და არსებული გამოწვევები გათვალისწინებული იქნება შემდგომი საქმიანობის დაგეგმვის პროცესში“, - აღნიშნა ლაშა ავალიანმა.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად აგრძელებს ფერმერებთან თანამშრომლობას. მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს როგორც ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვას, ისე სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას.
0
0