
სლოვენიის მთავრობამ პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი აღიარა. ამის შესახებ ხუთშაბათს სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. საბოლოო აღიარებისთვის მთავრობის გადაწყვეტილება უნდა დაამტკიცოს ეროვნულმა ასამბლეამ - სლოვენიის პარლამენტმა. მოსალოდნელია, რომ ეს უახლოეს მომავალში მოხდება.
სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტანია ფაიონმა განაცხადა: „მოხარული ვარ, რომ სლოვენიის მთავრობამ გადადგა ეს ისტორიული ნაბიჯი. ისრაელელებს და პალესტინელებს აქვთ უფლება აღზარდონ თავიანთი შვილები მშვიდობიანად, უსაფრთხოდ და კეთილდღეობაში საკუთარ სახელმწიფოებში. პალესტინის აღიარება ამ ორ ქვეყანასა და ხალხს შორის მშვიდობიანი თანაარსებობის ერთადერთი გზაა“.
სლოვენიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა ევროპის სხვა ქვეყნებს, მიბაძონ მის მაგალითს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სლოვენია ითხოვს ცეცხლის შეწყვეტას ღაზას სექტორში, მძევლების გათავისუფლებას და შემდგომ რეფორმებს პალესტინის ხელისუფლების მხარდასაჭერად.
მანამდე, 28 მაისს, კიდევ სამმა ევროპულმა ქვეყანამ - ნორვეგიამ, ესპანეთმა და ირლანდიამ პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა აღიარა. ისრაელმა ამ ფაქტს ოსლოში, დუბლინსა და მადრიდში თავისი ელჩების გაწვევით უპასუხა.
0
0