
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სლოვაკეთის 40 ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა საკანონმდებლო პროექტის წინააღმდეგ, რომელიც მთავრობას საშუალებას მისცემს შეაგროვოს მონაცემები არასამთავრობო ორგანიზაციების კანონიერი წარმომადგენლების, ასევე მათი ცალკეული წევრების შესახებ.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლების მიერ მომზადებულ დოკუმენტს "რუსული კანონი" უწოდეს, რომელიც საფრთხეს უქმნის სლოვაკეთის სამოქალაქო თავისუფლებებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს.
"ეს არაკონსტიტუციური კანონი ეხება არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ ეს არის თავდასხმა სლოვაკეთის სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიურად ჩართულ ყველა ადამიანზე. ეს ნიშნავს სათვალთვალო მიზნებისთვის, მოქალაქეთა ოფიციალური სიების ანუ რეესტრის შექმნას, შეკრების უფლების შეზღუდვას, დაშინებას და კონტროლს იმ ადამიანებზე, ვინც გაბედავს ხელისუფლების წინააღმდეგ ხმის ამაღლებას... ეს რუსეთის კანონმდებლობიდან გადმოღებული კანონია, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო სექტორის ლიკვიდაციას და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აკისრებს ყველას, ვინც არ არის ლოიალური ხელისუფლების მიმართ“, - ნათქვამია ოპოზციური ორგანიზაციის განცხადებაში.
ქვეყანაში საპროტესტო აქციები მოეწყო ლოზუნგით „არა - რუსულ კანონს“, რასაც ოპოზიცია სამოქალაქო საზოგადოებაზე ყველაზე სერიოზულ თავდასხმას უწოდებს ავტორიტარული პრემიერ-მინისტრის ვლადიმირ მეჩიარის მმართველობის შემდეგ. ბრატისლავაში 10 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო მსვლელობაში. მომიტინგეებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერით "არა - რუსულ კანონს".
თუმცა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ მისი ოპონენტები საპროტესტო აქციებს ბოროტად იყენებენ. ამასთან, ფიცო განმარტავს, რომ მოქმედ კანონპროექტს არ შეიძლება „რუსული“ უწოდოს, რადგან ის ევროსტანდარტებზეა დაფუძნებული.
0
0