
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართულებით ძალიან სასიკეთო და ქმედითი, გაბედული ნაბიჯები გადადგა. ვგულისხმობ, შარშან მიღებულ კანონს სოდომური ცოდვის პროპაგანდის წინააღმდეგ და ასევე, გენდერული იდენტობის ცნების ამოღებას კანონებიდან, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ (მუჯირი) ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქაშვეთის ეკლესიაში ქადაგების დროს განაცხადა.
მეუფე შიომ აღნიშნული კანონის მიღების გამო ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.
„ეს ძალები ებრძვიან არამარტო ეკლესიას და ეკლესიურ ოჯახებს, არამედ ზოგადად, ტრადიციულ ოჯახს. მინდა, ვთქვა, რომ ისინი სახელმწიფოს, სახელმწიფოს სუვერენიტეტის ცნებასაც ებრძვიან, რადგან როგორც გითხარით, მცირე ეკლესია ოჯახია - დიდი ეკლესიის ნაწილი, ასევე კაცობრიობის უდიდესი ნაწილი, ისეთები, როგორებიც იყვნენ, არისტოტელე და სხვები, წერენ, რომ ოჯახი არის სახელმწიფოს ფუძეც, რომ სახელმწიფო შედგება ოჯახებისგან. ამიტომ საერო ტრადიციაც მსგავს რამეს ამბობს, ჩვენ გვმართებს განსაკუთრებით წინ აღვუდგეთ ამ ტექნოლოგიებს და ამ თეორიებს და თუ რამე უკვე შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში, მაქსიმალურად ვეცადოთ შევაკავოთ და აღმოვფხვრათ ისინი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიმართულებით ძალიან სასიკეთო და ქმედითი, გაბედული ნაბიჯები გადადგა. მე ვგულისხმობ, შარშან მიღებულ კანონს სოდომური ცოდვის პროპაგანდის წინააღმდეგ და ასევე, გენდერული იდენტობის ცნების ამოღებას კანონებიდან. დღეს, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები აქ ბრძანდებიან, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გითხრათ და დაგლოცოთ. ეს ფაქტი ჩვენ გვაფიქრებინებს ძვირფასო ძმებო და დებო, რომ მსგავსი ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში გაგრძელდება“, - განაცხადა მეუფე შიომ.
1
0