
,,სლოვაკეთის ნაციონალურმა პარტიამ’’, რომელიც სლოვაკეთის მმართველი კოალიციის ნაწილია, პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინის შესახებ წარდგენილი რეზოლუციის პროექტის მხარდაჭერის გამო.
გავრცელებული ინფორმაციით, პარტიამ განაცხადა, რომ აუცილებელია გაირკვეს, ვინ მისცა სლოვაკეთის წარმომადგენლობას რუსეთის საწინააღმდეგო დოკუმენტის მხარდაჭერის უფლება. მათი აზრით, ეს პოზიცია არ შეესაბამება ხელისუფლების უფრო ფართო საგარეო პოლიტიკას.
„სლოვაკეთმა უნდა დაიცვას ისეთი თანმიმდევრული პოლიტიკა, როგორც უნგრეთმა - ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით“, - განაცხადა ,,სლოვაკეთის ნაციონალურმა პარტიამ’’.
როგორც ცნობილია, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა უკრაინის შესახებ ანტირუსულ რეზოლუციის პროექტს. სლოვაკეთი იყო ერთ-ერთი იმ 93 ქვეყნიდან, რომლებმაც დოკუმენტს მხარი დაუჭირეს. ამასთან, მანამდე, სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა მსგავსი ნაბიჯის გამო ბოდიში მოიხადა.
0
0