30/05/2022
21:31
სამართალი
ამ დრომდე უმძიმესია 15 წლის მოსწავლის მდგომარეობა, რომელიც დღეს თბილისში დაჭრეს.
მე-9 კლასელ ბიჭს დანით არაერთი ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის გულმკერდისა და მუცლის არეში. უფროსკლასელთა ჩხუბი ისანში, ავტოფარეხში მოხდა, საქმეში 20-მდე მოსწავლე ფიგურირებს.
მოზარდს თითქმის 3 ლიტრი სისხლი აქვს დაკარგული. სისხლის შეჩერებას ექიმები 2 საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ოპერაცია დასრულებულია და ახლა ყველა 15 წლის მოზარდის გადარჩენას ელოდება.
განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში - ეს არის მუხლი, რომლითაც 15 წლის მოზარდის დაჭრის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის. ამ დრომდე იკითხებიან 74-ე საშუალო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები.
ადგილი, სადაც 15 წლის მოზარდი დანით დაჭრეს, ახლაც პოლიციის ლენტით არის შემოსაზღვრული. 74-ე სკოლის მოსწავლეს ცივი იარაღით ერთი ჭრილობა მუცლის არეში, ერთი კი ზურგიდან აქვს მიყენებული. "კურიერის" ინფორმაციით, ავტოფარეხში სისხლიან გარჩევას წინ უძღოდა არასრულწლოვნებს შორის, სავარაუდოდ, ფეხბურთის თამაშის დროს დაწყებული დაპირისპირება.
"კურიერი" ესაუბრა მოწმეს, რომელმაც მძიმედ დაჭრილი 15 წლის ბიჭი საავადმყოფოში საკუთარი ავტომობილით გადაიყვანა. მამაკაცი ადასტურებს, რომ შემთხვევის დროს ავტოფარეხში არაერთი მოზარდი იმყოფებოდა, დაჭრილის მდგომარეობა კი ძალიან მძიმე იყო.
პოლიციაში დაკითხვების სერია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ჩვენებებს ართმევენ ინციდენტში მონაწილე არასრულწლოვნებს და დანაშაულის სხვა მოწმეებს.
ექსპერტ-კრიმინალისტებმა უკვე დაასრულეს პირველადი სამუშაოები, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროში დანაშაულის დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.
0
0