05/01/2025
16:09
მსოფლიო
სირიის ახალი ადმინისტრაციის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნული ასად ჰასან ალ-შიბანი დოჰაში ჩავიდა, სადაც კატარის პრემიერ-მინისტრს, შეიხ მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-თანის და სხვა მაღალჩინოსნებს შეხვდება.
ამის შესახებ სააგენტო „როიტერს“ კატარელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა.
სირიის დელეგაციის დოჰაში ჩასვლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სირიის სახელმწიფო სააგენტო SANA-ც.
დელეგაციაში ასევე შედიან სირიის თავდაცვის მინისტრი და დაზვერვის სამსახურის უფროსი.
ეს სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მეორე ვიზიტია საზღვარგარეთ ბაშარ ასადის წასვლის შემდეგ. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრი პირველი ვიზიტით გასულ ოთხშაბათს საუდის არაბეთს ეწვია.
ალ-შიბანი ასევე გეგმავს ჩასვლას არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და იორდანიაში „სტაბილურობის, უსაფრთხოების, ეკონომიკური აღდგენის მხარდასაჭერად და გამორჩეული პარტნიორობის ჩამოსაყალიბებლად“.
0
0