19/12/2024
11:01
მსოფლიო
სირიის დე ფაქტო ლიდერის აჰმედ ალ-შარაას განცხადებით, ქვეყანა ომის გამო ,,გამოფიტულია“ და მეზობლებისთვის ან დასავლეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
BBC-სთან ინტერვიუში აჰმედ ალ-შარამ სირიისთვის სანქციების გაუქმების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„სანქციები უნდა მოიხსნას, რადგან ისინი ძველი რეჟიმის წინააღმდეგ იყო მიმართული. მსხვერპლსა და მჩაგვრელს ერთნაირად არ უნდა მოექცნენ. Hayat Tahrir al-Sham-ი არ უნდა იყოს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში. მათი სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა ან მშვიდობიანი ტერიტორიები არ ყოფილა. ფაქტობრივად, ის ასადის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლია.
მე არ მსურს სირიის ავღანეთის ვერსიად გადაქცევა. ეს ქვეყნები ერთანეთისგან ძალიან განსხვავებულია ტრადიციებით. ავღანეთი ტომობრივი საზოგადოებაა. სირიაში განსხვავებული აზროვნებაა. მე ვფიქრობ, რომ ქალებმა განათლება უნდა მიიღონ. რვა წელზე მეტია, რაც უნივერსიტეტები გვაქვს იდლიბში [სირიის ჩრდილო-დასავლეთის პროვინცია, რომელიც 2011 წლიდან მეამბოხეების ხელშია]. ჩვენს უნივერსიტეტებში ქალების დასწრების პროცენტული მაჩვენებელი 60%-ზე მეტია. რაც შეეხება ალკოჰოლის მოხმარების დაშვებას, ბევრი რამ არის, რაზეც უბრალოდ არ მაქვს უფლება ვისაუბრო, რადგან ისინი იურიდიული საკითხებია. შეიქმნება სირიის იურიდიული ექსპერტების კომიტეტი, რომელიც კონსტიტუციას დაწერს. ამ საკითხს ისინი გადაწყვეტენ. ნებისმიერ მმართველს ან პრეზიდენტს კანონის დაცვა მოუწევს“, - განაცხადა აჰმედ ალ-შარამ.
როგორც ცნობილია, აჰმედ ალ-შარაა ამბოხებულთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელმაც ორი კვირის წინ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხო. ის ამბოხებულთა ალიანსში დომინანტური დაჯგუფების Hayat Tahrir al-Sham-ის ლიდერია, მანამდე კი ცნობილი იყო აბუ მუჰამედ ალ-ჯოლანის სახელით.
0
0