
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ქურთების შეიარაღებაზე მუშაობს, რათა ირანში სახალხო ამბოხის პროვოცირება მოახდინოს, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, დონალდ ტრამპი აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს ირანულ ოპოზიციურ ჯგუფებთან და ქურთ ლიდერებთან ერაყში, რათა მათ სამხედრო მხარდაჭერა გაუწიოს.
ცნობისთვის, ირანელი ქურთების შეიარაღებულ ძალებში ათასობით მებრძოლია გაერთიანებული, რომლებიც ერაყისა და ირანის საზღვრის გასწვრივ მოქმედებენ, დიდწილად ერაყის ქურთისტანში. ირანის წინააღმდეგ ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივი ოპერაციის დაწყების შემდეგ რამდენიმე ქურთულმა დაჯგუფებამ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მიანიშნებენ, რომ მათი მხრიდან მოქმედება გარდაუვალია და მოუწოდებენ ირანის შეიარაღებული ძალების მებრძოლებს, მათ მხარეს გადავიდნენ.
როგორც „სიენენთან“ საუბარში ერთ-ერთმა წყარომ განაცხადა, 3 მარტს ტრამპმა მოლაპარაკებები გამართა ირანის ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტ მუსტაფა ხიჯირთან.
ტელეკომპანიასთან საუბარში ირანელი ქურთი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ირანელი ქურთების ოპოზიციური ძალები, როგორც ვარაუდობენ, მონაწილეობას მიიღებენ სახმელეთო ოპერაციაში ირანის დასავლეთ ნაწილში.
„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ახლა დიდი შანსები გვაქვს“, – განუცხადა „სიენენს“ წყარომ.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი პირველ მარტს ასევე დაუკავშირდა ერაყელი ქურთების ლიდერებს, რათა ირანში აშშ-ის სამხედრო ოპერაციაზე ესაუბრა და გაერკვია, როგორ შეუძლიათ ქურთებს თანამშრომლობა ამ მისიის წინ წაწევის ფარგლებში.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ქურთული შეიარაღებული ძალები დაუპირისპირდნენ ირანის უსაფრთხოების ძალებს, რათა უიარაღო ირანელებმა დიდ ქალაქებში, ქუჩებში უფრო მარტივად შეძლონ გამოსვლა.
სხვა მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ ქურთები შეძლებენ რეგიონში ქაოსის გავრცელებას, რითაც ირანის რესურსის გამოფიტვა გახდება შესაძლებელი. კიდევ ერთი წყაროს განცხადებით, შესაძლოა, ქურთებმა დაიკავონ და გააკონტროლონ ირანის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ტერიტორიები, რაც ისრაელისთვის ბუფერულ ზონას შექმნიდა.
ამასთან, „სიენენთან“ საუბარში ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ეჭვქვეშ აყენებს მოვლენების ამ სცენარით განვითარებას, რადგან მიაჩნია, რომ „ირანელ ქურთებს არ აქვთ საკმარისი რესურსი და გავლენა, მხარი დაუჭირონ ირანში წარმატებულ ამბოხს“.
0
0