
სიდნეის პოლიცია ინფორმაციას ავრცელებს სავაჭრო ცენტრზე თავდამსხმელის შესახებ, რომლის ერთ-ერთი მსხვერპლი ქართველი ქალია.
როგორც ცნობილია, ავსტრალიის ერთ-ერთ უდიდეს და ყველაზე პოპულარულ სავაჭრო ცენტრში, Westfield Bondi Junction-ში მყოფ ხალხს 40 წლის ჯოელ კაუჩი თავს რამდენიმე დღის წინ დაესხა. დაღუპული ექვსი ადამიანიდან ხუთი ქალია, რომელთაგან ერთ-ერთი ქართველია - ფიქრია დარჩია (55 წლის).
დაშავდა კიდევ რამდენიმე, მათ შორის, 9 თვის გოგონა. თავდასხმის შედეგად დაღუპული ერთი მამაკაცი სავაჭრო ცენტრის დაცვის თანამშრომელი ფარაზ თაჰირია.
ავსტრალიურ მედიაში რამდენიმე დეტალი გავრცელდა დაღუპულ ფიქრია დარჩიას შესახებ, რომელიც, სოციალური მედიაპლატფორმა LinkedIn-ის თანახმად, მხატვარია და გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოდან, კერძოდ, თბილისიდანაა.
ახალი სამხრეთ უელსის პოლიციის კომისარმა ავსტრალიურ ABC News-ს განუცხადა, რომ სიდნეის სავაჭრო ცენტრ Westfield Bondi Junction-ზე დანით შეიარაღებული თავდამსხმელი მამაკაცის სამიზნე, როგორც ჩანს, ქალები იყვნენ.
„დეტექტივებისთვის აშკარაა, რომ ჯოელ კაუჩის სამიზნე ქალები იყვნენ. მკვლელი მამაკაცებს ერიდებოდა. ეს ვიდეომასალებიდანაც ჩანს. ჩვენ არ ვიცით, რა იყო თავდასხმის მოტივი. დამნაშავესთან დაახლოებული პირების დაკითხვა მიმდინარეობს.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრის ენტონი ალბანესის შეფასებით, აღნიშნული ინციდენტი "სასტიკი ფორმით გენდერული დაყოფაა, რაც, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია". ალბანესმა ასევე აღნიშნა, რომ ექვსი დაღუპული ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად სავაჭრო ცენტრ Westfield Bondi Junction-ში მემორიალი აღიმართება.
მანამდე კი, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თავდასხმელს, სავარაუდოდ, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა". დამნაშვის მამამ, ენდრიუ კაუჩიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი ვაჟი „ფსიქიკურ დაავადებას ებრძოდა და, მცირე ხნის წინ, მისი წამლებიც აღმოაჩინა“.
როგორც ავსტრალიური გაზეთი წერს, ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ რატომ იყო თავდამსხმელის სამიზნე ქალები, ენდრიუ კაუჩმა უპასუხა: "თქვენთვის ის მონსტრია, ჩემთვის კი ფსიქიკურად ავადმყოფი ბიჭი იყო. მას სურდა, შეყვარებული ჰყოლოდა. [ჯოელს] არ ჰქონდა შესაბამისი სოციალური უნარები და ამიტომ იმედგაცრუებული იყო“.
როგორც ახალი სამხრეთ უელსის ჯანდაცვის მინისტრმა რაიან პარკმა აღნიშნა, არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კაუჩი ახალ სამხრეთ უელსში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო მკურნალობდა.
0
0