10/09/2024
21:10
პოლიტიკა
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის დაკომპლექტებისას აქცენტი გააკეთა ღირსეულ, პატრიოტ ადამიანებზე.
როგორც მდინარაძემ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, შემთხვევითი არ არის პარტიის გზავნილი მშვიდობაზე, ღირსებაზე, კეთილდღეობასა და მხოლოდ ამ გზით ევროინტეგრაციაზე.
„ყველა საპარლამენტო არჩევნებზე ხდება გუნდის განახლება, „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ, საზოგადოებისთვის ახალი, ძალიან ღირსეული ადამიანების წარმოდგენა. ასევე, ძველი, ერთგული, უღალატო, თავისი სამშობლოს მოყვარული ხალხის წარდგენაც, რომლებმაც თავისი ქვეყნის წინაშე იმსახურეს გასული წლების განმავლობაში. ასე იყო ახლაც. იყო კონკრეტული კრიტერიუმები, მათ შორის ისიც, რომ პოლიტსაბჭოს წევრები და ახალი სახეები იყვნენ წარმოდგენილი და ჩვენ გარკვეული კრიტერიუმებით გავაგრძელებთ სიის დაკომპლექტებას. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ასზე გაცილებით მეტი ადამიანი საკონსტიტუციო უმრავლესობის სახით მივიღოთ პარლამენტში, იქიდან გამომდინარე, რომ მხარდაჭერა, დღევანდელი რეიტინგები, საზოგადოების განწყობა მმართველი პარტიის მიმართ ასეთია. ეს ამბიცია ამ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს გამოადგება იმაში, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს საქართველოში და არა სადმე გარეთ, ვიღაც დავალების მიმცემი ადამიანების მიერ.
როდესაც ვსაუბრობთ მშვიდობაზე, ღირსებაზე, კეთილდღეობასა და მხოლოდ ამ გზით ევროინტეგრაციაზე, ეს გზავნილი საზოგადოების მიმართ შემთხვევითი არ არის, მათ შორის განსაკუთრებული ღირსებით ვინც გამოირჩევა, ვინც განსაკუთრებულად საამაყოს ხდის ამ ქვეყნის მოქალაქეობას, ის ადამიანები ვიხილეთ ჩვენ საარჩევნო სიაში. მათ შორის ის სპორტსმენები, რომელთა გამარჯვების გამო ბევრჯერ მოუსმენია მსოფლიოს ქართული ჰიმნი. ღირსებასთან ასე და ამ ხარისხით ასოცირებული ხალხი ჩვენ ბევრი არ გვყავს, აქედან გამომდინარეა ეს გადაწყვეტილებებიც, ასეთივე ღირსებით გააგრძელებენ ისინი სამშობლოს მსახურებას ახლა უკვე პოლიტიკაში და დარწმუნებული ვარ, ისინი წარმატებული იქნებიან ამ მიმართულებითაც, რადგან ღირსეულ ადამიანებს სხვანაირად არ შეუძლიათ. ამიტომ იყო, თქვენ როგორც ბრძანებთ, ფსონი, ამიტომ იყო გათვლაც, რაც გნებავთ, დავარქვათ, ღირსეულ ადამიანებზე, პირველ რიგში, თავისი სამშობლოს პატრიოტ ადამიანებზე ხდება ხოლმე აქცენტირება.
რაც შეეხება თეა წულუკიანს, მან და გუნდმა ერთად გადავწყვიტეთ, რომ ის საპარლამენტო ორგანოში გადმოინაცვლებს. „ნაცმოძრაობისთვის“, როგორც მინიმუმ, ძლიერი ოპონენტი იქნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა.
0
0