
“შვილმა მამა, დედასა და ძმაზე ძალადობის გამო მოკლა”, ამის შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში აცხადებენ.
არსებული ინფორმაციით, შვილმა მამა ცივი იარაღით, დანით მოკლა. ცოლი მოკლულ ქმარს ძალადობაში ამხელს, მკვლელობისთვის ბრალდებულ შვილს კი ამართლებს და ამბობს, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში, კახა კობახიძე არასრულწლოვან ძმას და დედას იცავდა. 48 წლის კობა კობახიძე მოკლულია, მისი 21 წლის შვილი კი, მამის მკვლელობაშია მხილებული და გისოსებს მიღმაა.
გარდაცვლილი მამაკაცის ცოლი, ნათია ჩარბოდაშვილი მოძალადე ქმარს არაერთხელ გაექცა. შველასაც ითხოვდა, თუმცა არა პოლიციისგან. ქალს ქმრის მუქარის სისრულეში მოყვანის ეშინოდა.
როგორც კობახიძეების ოჯახში, სოფელშიც მკვლელობის მხოლოდ ერთადერთ ვერსიას განიხილავენ - დანაშაულს მოკლულის მხრიდან თავდასხმის მოგერიებით ხსნიან.
მეზობლები ამბობენ, რომ არაერთხელ შესწრებიან ფაქტს, როცა მამაკაცი ცოლსა და შვილებზე სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდა. ახლა სოფელში, დაკავებული შვილის გამართლებას და მის გათავისუფლებას ითხოვენ.
დანაშაულს მხოლოდ ერთი თვითმხილველი მოკლულის არასრულწლოვანი შვილი ჰყავს. ის სამართალდამცველებმა დღეს უკვე გამოკითხეს. მისი ძმა 21 წლის კახა კობახიძე კი, ბრალის დაზუსტებას წინასწარი დაკავების იზოლატორში ელოდება. დაკავებული ბრალს აღიარებს.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. არ არის გამორიცხული, რომ მოგვიანებით ეს მუხლი გადაკვალიფიცირდეს.
ცნობისთვის, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
0
0