16/05/2023
00:21
სამართალი
შვედეთის ქალაქ კარლსკრონას სასამართლოს მიერ პოლონელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველის დაკავების შესახებ ინფორმაციას პოლონური პორტალი wiadomosci.dziennik ავრცელებს.
პორტალის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე, 42 წლის მიხეილ კ. ორშაბათს კარლსკრონას სასამართლომ 30 წლის პოლონელის სასიკვდილო დაჭრისა და 35 წლის პოლონელის დაჭრის ბრალდებით დააკავა. თავდასხმა პარასკევს სამხრეთ შვედეთში, კარლშამნის მახლობლად მოხდა.
„ჯერჯერობით უცნობია რა მოხდა მამაკაცებს შორის. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს იყო რაღაც კონფლიქტი. საავადმყოფოში მყოფ დაზარალებულისთვის ჯერ არ მოგვისმენია“, - ამბობს პროკურორი ლენა მარი ბერგსტრომი.
დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილმა ქართველმა სასამართლოში განაცხადა, რომ მას თავს დაესხნენ პოლონელები და ის მოქმედებდა თავდაცვის მიზნით.
პროკურატურას საბრალდებო დასკვნის წარსადგენად დრო 12 ივნისამდე აქვს.
შვედეთის პოლიციის ცნობით, შემთხვევა პარასკევს საღამოს მოხდა ასარუმას ინდუსტრიულ უბანში, სადაც სატვირთო მანქანებია გაჩერებული. ორივე დაჭრილი პოლონელი გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ერთი გარდაიცვალა.
წყარო: ipress.ge
0
0