
როგორც BBC-ი წერს, შვედეთის თავდაცვის მაღალჩინოსნებმა, მათ შორის სამოქალაქო თავდაცვის მინისტრმა კარლ-ოსკარ ბოჰლინმა და მთავარსარდალმა მიქაელ ბიდენმა, ქვეყანაში შესაძლო ომის დაწყების შესახებ განცხადება გაავრცელეს.
სალენში გამართულ პრესკონფერენციაზე, კარლ-ოსკარ ბოჰლინმა შვედეთის მოსახლეობას ომისთვის მზადყოფნისკენ მოუწოდა. თავდაცვის მინისტრმა, მიზეზად 2024 წლისთვის შვედეთის ნატოში გაწევრიანება დაასახელა.
,,ამ გაფრთხილების მიზანია, რომ ქვეყანა იყოს ფხიზლად და ადეკვატურად მომზადებული ნებისმიერი შესაძლო კონფლიქტისთვის. ასევე ხაზს ვუსვამთ, რომ აუცილებელია ეროვნული თავდაცვის გაძლიერება და უსაფრთხოების შენარჩუნებაში მნიშვნელოვანია საერთაშორისო ალიანსებისა და პარტნიორობის როლი,“ - განაცხადა კარლ-ოსკარ ბოჰლინმა.
სამოქალაქო თავდაცვის მინისტრის მოსაზრებას ეთანხმება ქვეყნის მთავარსარდალი მიქაელ ბიდენიც.
„მოსახლეობა შესაძლო ომისთვის გონებრივად უნდა მოემზადოს. ჩემი ამბიცია ხალხის ანერვიულება არ არის. უფრო მეტმა მოქალაქემ უნდა იფიქროს საკუთარ მდგომარეობასა და პასუხისმგებლობაზე. დღეს ძალიან მკაცრი სიტუაციაა. ახლა საჭიროა სიტყვებიდან მოქმედებაზე გადავიდეთ“, - თქვა ბიდენმა.
ორ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში მშვიდობის შენარჩუნების შემდეგ, შვედეთს რამდენიმე ნაბიჯი აშორებს [ნატოს] თავდაცვით ალიანსში გაწევრიანებისგან - ის თურქეთის პარლამენტისგან, შემდეგ კი - უნგრეთისგან ,,მწვანე შუქის ანთების“ მოლოდინშია. როგორც ცნობილია, ფინეთი უკვე ნატოს წევრია, ხოლო რუსი ოფიციალური პირების თქმით, ის [ფინეთი] იქნება "პირველი, ვინც დაზარალდება", თუ ნატო-რუსეთის დაძაბული ურთიერთობები კიდევ უფრო გამწვავდება.
0
0