
სამწუხაროდ, დროულად ვერ მოხდა ეუთო/ოდირ-ის მოწვევის უზრუნველყოფა, რაც შესაძლებელს გახდიდა საქართველოს მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებში სრულფასოვან და შინაარსიან დაკვირვებას, – ამის შესახებ ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რასაც საქართველოში შვედეთის საელჩო ავრცელებს.
შვედეთის საგარეო უწყების განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღსადგენად.
„საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულმა უკანასკნელმა ცვლილებებმა საფრთხე შეუქმნა საარჩევნო პროცესის მთლიანობას. ამასთანავე, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური ძალების მიმართ მიმდინარე ზეწოლა კვლავაც გრძელდება. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობის აღსადგენად, მათ შორის, უზრუნველყოს ეუთო-ს საარჩევნო რეკომენდაციების შესრულება“, – ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბრის არჩევნებზე ეუთო/ოდირ-ის მოწვევის წერილით მიმართვის შესახებ განცხადება 6 სექტემბერს გააკეთა.
ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა 9 სექტემბერს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე მისიის განთავსების შესაძლებლობა არ ექნებათ, თუმცა მანდატის ფარგლებში გააგრძელებენ მოვლენების მონიტორინგს.
0
0