
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინას 187 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერა აღმოუჩინეს. ამავე პერიოდში ჩვენ რუსეთიდან 311 მილიარდი ევროს იმპორტი განვახორციელეთ, – ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენერგარდმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე მედიასთან საუბრისას განაცხადა.
შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინისადმი მხარდაჭერა არ არის საკმარისად დიდი.
„აქ უამრავჯერ ვდგარვარ და მისაუბრია უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებისა და რუსეთზე მეტი ზეწოლის მნიშვნელობაზე. თუმცა სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერა არ არის საკმარისად დიდი, ხოლო რუსეთის მიმართ მხარდაჭერა ზედმეტად დიდია. რას ვგულისხმობ? სრულმასშტაბიანი ინტერვენციის შემდეგ ევროპულმა ქვეყნებმა და ევროპამ უკრაინას 187 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერა აღმოუჩინეს, ამავე პერიოდში ჩვენ რუსეთიდან 201 მილიარდი ევროს ღირებულების ნავთობისა და გაზის იმპორტი განვახორციელეთ. ამას სხვა სახის საქონლის იმპორტს თუ დაუმატებ, გამოვა, ჯამში, 311 მილიარდი ევრო, რაც ნიშნავს, რომ ბალანსი უკრაინის საწინააღმდეგოდ 124 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს არის უბრალოდ სირცხვილი. ახლა ყველა საუბრობს სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. არანაირი გონივრული სამშვიდობო მოლაპარაკებები არ იქნება, თუ არ გავზრდით უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთზე ზეწოლას. ამის კარგი დასაწყისი იქნება გაყინული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენება“, – განაცხადა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია მალმერ სტენერგარდმა.
0
0
22 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
20/11/2025