19/06/2023
11:27
მსოფლიო
შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტი აღიარებს, რომ რუსეთს შეუძლია სამხედრო შეტევა განახორციელოს ქვეყანაზე. ამის შესახებ კომიტეტის ანგარიშშია ნათქვამი - იტყობინება შვედური ტელეარხი SVT.
ორშაბათს გამოქვეყნებულ საპარლამენტო მოხსენების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ რუსული სახმელეთო ჯარები უკრაინაში იმყოფებიან, შვედეთზე თავდასხმები არ არის გამორიცხული.
„რუსეთმა ასევე კიდევ უფრო შეამცირა სამხედრო ძალის გამოყენების ბარიერი და აჩვენა მაღალი მიდრეკილება პოლიტიკური და სამხედრო რისკების მიმართ. რუსეთის უნარი განახორციელოს ოპერაციები საჰაერო, საზღვაო ძალების, შორ მანძილზე მოქმედების, ან ბირთვული იარაღის გამოყენებით შვედეთის წინააღმდეგ, უცვლელი რჩება“ - ნათქვამია დოკუმენტში.
არხის ცნობით, ანგარიში ასახავს შვედეთის თავდაცვის ახალ დოქტრინას, რომელიც ეფუძნება ნატო-ს წევრობას, განსხვავებით წინა დოქტრინისგან, რომელიც დაფუძნებულია სხვა სკანდინავიურ ქვეყნებთან და ევროკავშირთან თანამშრომლობაზე.
შვედეთი ცდილობს გააძლიეროს თავისი თავდაცვა და მიმართა ნატოში გაწევრიანებას 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
მხოლოდ თურქეთმა და უნგრეთმა არ მოახდინეს შვედეთის ალიანსში გაწევრიანების შესახებ განცხადების რატიფიცირება.
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ადრე განაცხადა, რომ შვედეთმა დააკმაყოფილა ნატოში გაწევრიანების ყველა მოთხოვნა და გამოთქვა იმედი, რომ ეს მოხდება ივლისის ვილნიუსის სამიტამდე.
0
0