ცნობილმა ჰოლივუდელმა მსახიობმა არნოლდ შვარცენეგერმა ავსტრიის ქალაქ კიცბუელში გამართულ აუქციონზე საკუთარი საათი Audemars Piguet 270 ათას ევროდ გაყიდა. ამის შესახებ Deucthe Welle იუწყება.
საათის საწყისი ფასი 50 ათასი ევრო იყო. საათზე შვარცენეგერის გამოსახულება და წარწერა Arnold Classic არის ამოტვიფრული. აუქციონით შემოსული თანხა კლიმატის ცვლილებას მოხმარდება.
შვარცენეგერი სწორედ ამ საათის გამო 17 იანვარს მიუნხენის აეროპორტში დააკავეს. მან საათი, რომელიც ევროპაში გასაყიდად ჩაიტანა, დეკლარაციაში არ მიუთითა. შედეგად „რკინის არნის“ 35 ათასი ევროს ჯარიმის გადახდა მოუწია და საათი დაუბრუნეს. ამ თანხის ნახევარი შვარცენეგერს ნაღდი ფულით უნდა გადაეხადა, რის გამოც მას მიუნხენის აეროპორტის საბაჟოს თანამშრომლის თანხლების ერთ-ერთ ბანკში მისვლა მოუწია. მთელ პროცედურას რამდენიმე საათი დასჭირდა.
0
0