23/02/2022
18:09
ბადაგონი
„ბადაგონის“ მეღვინეობა მზად არის ჩაერთოს პროგრამაში, რათა უახლოეს პერსპექტივაში აამოქმედოს ვიზიტორთა მისასალმებელი ცენტრი „შუამთის კარიბჭე“, განავითაროს და ხელი შეუწყოს ქვევრის სკოლის ფუნქციონირებას, რომელსაც ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით, პარტნიორობას USAID-ი უწევს.
„შუამთის კარიბჭის ვიზიტორთა მისასალმებელი ცენტრი“ და „იყალთო- ქვევრის სკოლა“ მოემსახურება ვიზიტორებს, როგორც ალავერდის მემკვიდრეობის ბილიკის დამაკავშირებელი პუნქტები.
მხარეები შეთანხმდნენ პარტნიორობაზე, რათა გაიზარდოს კახეთის რეგიონის ეკონომიკური შესაძლებლობები, განავითარდეს ალავერდის მემკვიდრეობა, როგორც უნიკალური ტურისტული დანიშნულების ადგილი, რომელიც აერთიანებს სამ გამორჩეულ ისტორიულ ძეგლს: შუამთას, იყალთოს და ალავერდს.
USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი, მარკ მაკკორდი დრწმუნებულია, რომ ალავერდი გახდება კახეთში ტურისტული მიზიდულობის უმნიშვნელოვანესი ცენტრი.
„მოხარულნი ვართ, რომ USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა, პარტნიორობას იწყებს, ღვინის კომპანია „ბადაგონთან“ და მართლმადიდებლურ ეკლესიასთან. ალავერდი გახდება კახეთში ტურისტული მიზიდულობის სიმბოლური საშუალება. იმედიანად ველოდებით ამ საქმიანობის დაწყებას ზაფხულში და ეს იქნება განსაკუთრებული, მაღალხარისხიანი ტურიზმის მიმართულება საქართველოსთვის“, - განაცხადა მარკ მაკორდმა.
კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებლის, გიორგი სალაყაიას განცხადებით, კომპანია იღებს პასუხისმგებლობას ორი უმნიშვნელოვანესი ობიექტის მართვასა და რეაბილიტაციაზე.
„ამ ორი მნიშველოვანი ობიექტის მართვა და ქვევრის სკოლაში რეაბილიტაციის სამუშაოები, თავის თავზე აიღო კომპანია „ბადაგონმა“. ამას წინ უძღოდა ძალიან დიდი სამუშაო, რომელიც კონკრეტულ ადგილებში, სახელმწიფომ ჩაატარა. კერძოდ, ეს შენობები, აშენდა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, მაგრამ იდგა მნიშვნელოვანი პრობლემა, ვის უნდა ემართა ესა თუ ის ობიექტი. ამისათვის, პირველი ნაბიჯი გადადგა ამერიკის განვითარების ფონდმა ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით და უახლოეს დღეებში, გაფორმდება ხელშეკრულება, რის შემდეგაც, ვიწყებთ ამ ობიექტების რეაბილიტაციას. ზაფხულში კი, ვგეგმავთ მის სრულ დატვირთვას“,- განაცხადა გიორგი სალაყაიამ.
მიტროპოლიტ აბბა ალავერდელის განცხადებით, ამ მემორანდუმით და „ბადაგონისა“ და USAID-ის დახმარებით, შუამთის საინფორმაციო კარიბჭის და ქვევრის სკოლა აკადემიის პროექტები ამუშავდება, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და ეკონომიკურ პოტენციალის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.
„ხდება მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების გაცოცხლება და სულის ჩადგმა. USAID-ის და საპარტნიორო ფონდის თანადგომით, ეს პროექტები თავიდანვე ჩაფიქრებული იყო ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და ეკონომიკური პირობების პოტენციალის გაუმჯობესების მიზნით. რაც მთავარია, ორიენტირებული იყო ჩვენს ქვეყანაში მოსული სტუმრების წინაშე საქართველოს ისტორიის, კულტურის ჯეროვანი წარდგენისათვის. ეს შენობები დიდი ხანია გვქონდა, თუმცა არ მოქმედებდა. გაჩერებული საქმე კი, განწირულია დაღუპვისათვის“, - განაცხადა მეუფე აბბამ.
მემორანდუმის ხელმომწერები დარწმუნებული არიან, რომ მათი პარტნიორობა, ხელს შეუწყობს ალავერდის ისტორიული მემკვიდრეობის და სულიერი ღირებულების შენარჩუნებას, ალავერდის მემკვიდრეობის შექმნისა და მართვის გზით, რომელიც აერთიანებს კახეთის ყველაზე მნიშვნელოვან და ისტორიულ ადგილებს ერთი ბრენდის და მენეჯმენტის კონცეფციის ქვეშ, როგორც უნიკალური ტურისტული დანიშნულების ადგილი.
აღსანიშნავია, რომ "საპარტნიორო ფონდთან" თანამშრომლობის ფარგლებში, კომპანია „ბადაგონი“, უზრუნველყოფს პროექტის ტექნიკურ განხორციელებას და შეიმუშავებს საინვესტიციო გეგმას. "საპარტნიორო ფონდთან" მემორანდუმი გაფორმდა რამდენიმე თვის წინ.
.
0
0