
მნიშვნელოვანი არის ამ დღის დაწესება, განსაკუთრებით იმ ტრადიციიდან გამომდინარე, რომელსაც ჯერ კიდევ 108 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი, სწორედ ამ შენობაში, როდესაც პირველი საარჩევნო დებულება იქნა მიღებული და პირველი საარჩევნო კომისია იქნა არჩეული. სწორედ ასეთ დღეს უნდა დავფიქრდეთ ხოლმე ქართველები, როგორი დემოკრატიული გამოცდილება და ისტორია გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, დღეს ბევრი ქვეყანა, სახელმწიფო და ხელისუფლება ცდილობს, საქართველოს და ქართველ ხალხს ჭკუა ასწავლოს, ასწავლოს, რა არის დემოკრატია.
„ის ქვეყნები, რომლებმაც არც კი იცოდნენ, არჩევნები რა იყო, ჩვენთან რომ ჩატარდა არჩევნები და თან ჩატარდა არჩევნები კაცების და ქალების თანაბარი საარჩევნო უფლებებით. ასე რომ, ჩვენ არ უნდა დავიკომპლექსოთ თავი, როდესაც ახლად გამოჩენილი დემოკრატიის მასწავლებლები ცდილობენ, აგვიხსნან, გვასწავლონ, ქართველ ხალხს ასწავლონ, რა არის დემოკრატია. ჩვენ გვაქვს დიდი დემოკრატიული ტრადიცია. 1918 წელს, დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან ერთად, პირველი, რაც გააკეთეს ქართველებმა, დაიწყეს სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობა და საარჩევნო სისტემის შექმნა. აღნიშნული აჩვენებს, რომ ეს გამოცდილება ასევე ილექებოდა იმ თაობაში, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ეს გამოცდილება ჩვენ მოგვყვება დღემდე. ასე რომ, უპირველეს ყოვლისა, ეს ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
0
0