
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით ჯაკო ჩარკვიანის დაკავების გარდა, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, რომელსაც ის, სავარაუდოდ, უკანონოდ ინახავდა.
უწყების ცნობით, ამოღებულ ცეცხლსასროლ იარაღებსა და საბრძოლო მასალას შორის არის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გლუვლულიანი თოფი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 110 ვაზნა.
„სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ერთ-ერთი დაკავებულის ჯ.ჩ.-ს მიერ სავარაუდოდ უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. მათ შორის: 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გლუვლულიანი თოფი და სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 110 ვაზნა“, - აცხადებენ შსს-ში.
ცნობისთვის, პოლიციამ ერთ-ერთ სუპერმარკეტთან მომხდარი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, მანანა გიორგობიანის გარდა, კიდევ 4 პირი დააკავა, მათ შორისაა ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანი, რომელიც მომღერალ მამუკა ჩარკვიანის შვილია.
0
0