17/10/2026
11:10

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც რუსეთის მიმართ „გრემის აქტით“ გათვალისწინებული ზოგიერთი სანქციის, შეზღუდვისა და ტარიფის მოქმედება შეჩერდა.
შესაბამისი ბრძანება თეთრი სახლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
„კონგრესს წარვუდგინე დადასტურება, რომ ასეთი გამონაკლისის დაშვება აშშ-ის ეროვნულ ინტერესებშია“, – აღნიშნულია ტრამპის ბრძანებაში.
„ბლუმბერგის“ ცნობით, ტრამპმა რუსეთის ენერგომატარებლების ექსპორტთან დაკავშირებული ტარიფები შეაჩერა. გამოცემა წერს, რომ ეს დიზელის ფასის შემცირების მცდელობას ართულებდა.
ბრძანება ტარიფებს ფორმალურად აწესებს, თუმცა მათ გამოყენებას აჩერებს, შესაბამისად, მოგვიანებით ტრამპს მათი ამოქმედება შეუძლია.
ლინდსი გრემის კანონი ტრამპს 30 დღეს აძლევდა, რომ რუსული ნავთობის ხუთი უმსხვილესი მყიდველის ყველა საქონელზე 100-პროცენტიანი ტარიფი დაეწესებინა. ის ასევე ითვალისწინებდა სანქციებს რუსული მრავალი იურიდიული პირის წინააღმდეგ და 500-პროცენტიან ტარიფს რუსული ენერგომატარებლების აშშ-ში იმპორტზე. 30-დღიანი ვადა 18 ოქტომბერს იწურებოდა.
0
0