
ლანჩხუთში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ორი ადამინის ცხედარი ცოტა ხნის წინ ნახეს.
გარდაცვლილები არიან 82 და 72 წლის ქალები.
როგორც შსს-ში “სფეისნიუსს” განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია 240 პრიმა მუხლის 3-ე ნაწილით (ელექტრო ან თბოენერგიის , გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაცა მოყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა).
გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლებმა პოლიცია და სამაშველო სამსახური მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ბინიდან მძაფრი სუნი გამოვიდა. მანამდე კორპუსთან ბუნებრივი აირის სუნი იყო, რის გამოც შესაბამისი ბინის ონკანი გადაიკეტა.
როგორც “სფეისნიუსს” ადგილობრივებმა განუცხადეს, დღეს მძაფრი სუნი იგრძნეს უბანში, რის გამოც 112-ში დარეკეს.
"საშინელი სუნი იდგა და 112-ში დავრეკეთ. გარდაცვლილები მოხუცები არიან", - ამბობენ ადგილობრივები.
მათივე ცნობით, გარდაცვლილები ერთმანეთის ნათესავები იყვნენ და დიდი ხანია ერთად ცხოვრობდნენ.
"ნათსავები იყვნენ, ერთ-ერთი მასწავლებელი იყო… წლებია, რაც ერთად ცხოვრობდნენ. თალიკო მასწავლებელი იყო. საშინელებაა რაც მოხდა", - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები “სფეისნიუსთან”.
არაოფიციალური ინფორმაციით, მათი გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივი აირის გაჟონვა სახელდება, თუმცა საბოლოო პასუხს გამოძიება გასცემს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც. დაწყებულია გამოძიება.
0
0