07/08/2023
08:24
საზოგადოება
ბოლო ინფორმაციით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან 14 პირია იდენტიფიცირებული. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ამ დროისთვის, დაკარგულად ითვლება 16 ადამიანი.
ახლობლების მიერ გავრცელებული ცნობებით, სტიქიის დროს დაღუპულთა შორის, რომელთა ცხედრების იდენრიფიცირება მოხდა, არიან: გიორგი ყარალაშვილი, 7 წლის ლუკა დუდაშვილი, სამირა ისეავა, დავით ბერიაშვილი, ალინა პოლიკოვსკასია.
ონის მერის, სერგო ხიდეშელის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შოვში დაღუპული 18 პირიდან 14 არის იდენტიფიცირებული, ხოლო 16 მოქალაქის ძებნა მიმდინარეობს.
როგორც ხიდეშელი აცხადებს, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად 7 აგვისტო გამოცხადდა გლოვის დღედ. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და მთელ საქართველოს. რაც შეეხება სტიქიის ზონას, 18 მოქალაქე არის გარდაცვლილი, აქედან 14 იდენტიფიცირებულია, ჯერ კიდევ იძებნება 16 მოქალაქე. სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მიმდინარეობს. პროცესში ჩართული არიან შესაბამისი უწყებები. მინდა, ამისთვის მათ კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა. 80 ერთეულზე მეტი მძიმე ტექნიკაა ჩართული სტიქიის ზონაში და შვიდ ძირითად ლოკაციაზე მიმდინარეობს სამუშაოები, სადაც შესაძლოა დაღუპულები ყოფილიყვნენ. ასევე, სხვა ტერიტორიებზეც მიმდინარეობს ძებნა“, – განაცხადა ხიდეშელმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ჯამში სტიქიის შედეგად გარდაცვლილია 18 ადამიანი. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 7 აგვისტოს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება.
0
0