შოტლანდიის ეკლესია 100 ეკლესიის შენობას, ისტორიულ ნაგებობას და მიწის ნაკვეთებს ყიდის, რათა მრევლის და სასულიერო პირების მკვეთრი შემცირებით გამოწვეული დეფიციტი დაფაროს. ამის შესახებ telegraph.co.uk იუწყება.
საეკლესიო ობიექტების ფასი 35 ათასი გირვანქა სტერლინგიდან იწყება. ეკლესიების გაყიდვას, რომელთა ნაწილი მე-18 საუკუნეშია აგებული, შოტლანდიის ეკლესიამ „მტკივნეული გადაწყვეტილება“ უწოდა.
შოტლანდიის ეკლესია აცხადებს, რომ ობიექტების გაყიდვა ფინანსური პრობლემების გამო გახდა აუცილებელი და ის ამჟამად იმაზე მეტ ეკლესიას ფლობს, ვიდრე რეალურად სჭირდება.
სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, 2001 წლიდან შოტლანდიის ეკლესიამ მილიონი წევრი დაკარგა. დღეს შოტლანდიელთა უმეტესობა ამბობს, რომ ის არც ერთ რელიგიას არ მიეკუთვნება. სასულიერო პირთა რაოდენობა 2000 წლიდან 40%-ით შემცირდა.
„შოტლანდიის ეკლესია დღეს უძრავი ქონების ათასობით ობიექტს ფლობს და ეს ბევრად მეტია, ვიდრე ჩვენი ძირითადი მისიის შესასრულებლად არის საჭირო. ეკლესია ტრანსფორმაციას განიცდის. ეკლესია 21-ე საუკუნის მოთხოვნათა შესაბამისად უნდა იყოს აღჭურვილი. ეკლესიის შენობები პროგრესს ხელს არ უნდა უშლიდეს“, - აცხადებენ შოტლანდიის ეკლესიის წარმომადგენლები.
გასაყიდად გამოტანილ ობიექტებს შორის ყველაზე ძვირი (390 ათასი გირვანქა სტერლინგი) აბერდინის ცენტრში მდებარე წმინდა მარკის ეკლესიაა.
შოტლანდიის ეკლესიის ამ გადაწყვეტილებამ სოფელში მცხოვრები მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია, რადგანაც მათ ეკლესიაში მისასვლელად სხვა დასახლებებში წასვლა უწევთ.
გასულ წელს აუქციონზე 900 წლის ეკლესიაც კი გაიტანეს, თუმცა მისი გაყიდვა დღემდე ვერ მოხერხდა.
გეოდეზიის სპეციალისტები და იურისტები მიმართავენ პოტენციურ მყიდველებს, რომ სიფრთხილე გამოიჩინონ.
„ამ შენობების გადაკეთებას კომერციულ ობიექტებად საკმაოდ რთული იურიდიული პროცედურების გავლა სჭირდებათ. ამასთანავე, ყველა ამ შენობას ისტორიული სტატუსი აქვს მინიჭებული და მათი სერიოზული გადაკეთებაც დაშვებული არ არის. ეს ფაქტორები პოტენციურმა მყიდველებმა უნდა გაითვალისწინონ“, - განაცხადა კომპანიის SAM Conveyancing-ის წარმომადგენელმა.
კიდევ ერთი პრობლემაა ეკლესიებში ცივ პერიოდში ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნება, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.
ანგლიკანურმა ეკლესიამ განაცხადა, რომ ყოველწლიურად 20 ეკლესიას ხურავს. 2021 წლის მონაცემებით, ინგლისის და უელსის მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები (46%) ამბობს, რომ ის ქრისტიანია, რაც 2011 წელზე 13%-ით ნაკლებია.
შოტლანდიაში კი ქრისტიანების რაოდენობის შემცირება კიდევ უფრო მაღალია. ამ ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 20% ამბობს, რომ ქრისტიანია.
0
0