
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლით დაიწყეს, რაც საჯარო მოსამსახურეზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებულ თავდასხმას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ოპოზიციური პარტიის წევრებისა და სამოქალაქო აქტივისტების სასამართლო პროცესზე შესვლას ცდილობდა 1982 წელს დაბადებული ნ.დ.
უწყების ცნობით, მანდატურის სამსახურის მიერ ნ.დ.-ს განემარტა, რომ სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებდა, რადგან პროცესი უკვე დაწყებული იყო და დარბაზში არ იყო ადგილი.
„ნ.დ. არ დაემორჩილა მანდატურის თანამშრომლებს და ერთ-ერთ მათგანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შემდგომ, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა, ნ.დ. საქალაქო სასამართლოს შენობიდან გაიყვანეს. საქმეზე გრძელდება შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
0
0
თაზო დათუნაშვილი გაათავისუფლეს
12/06/2025