
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, გედევან ფოფხაძის განცხადებით, ქვეყანას პოლიტპატიმრები და არალეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს, რასაც აპროტესტებს.
როგორც გედევან ფოფხაძემ პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგთან დაკავშირებით აღნიშნა, კიდევ უფრო იზრდება მისი მოტივაცია შიმშილობის გასაგრძელებლად.
„1937 წლის საუკეთესო ტრადიციების ბრალდებაა, როდესაც ადამიანს ბრალს სდებ რაღაც ისეთ დანაშაულში, რომელიც თეორიულად არ შეიძლება, რომ მას ჩადენილი ჰქონდეს ან ასეთი ბრალდების სამართლებრივი საფუძველი არსებობდეს. ვხედავთ, რომ ქვეყანაში ამუშავდა მძლავრი რეპრესიული სისტემა და ამ რეპრესიულმა სისტემამ ყველა მისი ოპონენტის ფიზიკური განადგურება დაიწყო. თანაც, რომ იყოს ისეთი ფსიქოლოგიური განცდა, რომ ჩვენ თქვენ ბოლომდე გაგსრესთ და არანაირი იმედი არ გქონდეთ, რომ სამართლებრივ და ლეგიტიმურ ჩარჩოში მოაქცევთ ამ პროცესს. ხელისუფლების მოტივაცია ძალიან კარგად მესმის, მაგრამ აქ არავის, არანაირი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაც კი არ გაუაზრებია. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ სანქციები გვინდა. კი, უსამართლო და ძალადობრივი რეჟიმის მიმართ სანქციები მინდა, ამაში უკანონო და არალეგიტიმური რა უნდა იყოს. ეს ადამიანები როგორც ამბობენ, თუ ასე არ არის, ეს არის საჯარო დავის საგანი და ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია. ოპონენტებსა და ხელისუფლებას შორის პოლიტიკური დავა რატომ უნდა გადავიდეს სისხლის სამართლებრივ პროცესში. ჩვენ თუ მიგვაჩნია, რომ ეს რეჟიმი რუსეთს ეხმარება, ეს ასეა, მტკიცებულებების ნაწილში თუ რაღაც ვერ წარმოვადგინეთ, იმას არ ნიშნავს, რომ აზრს შევიცვლით. ეს ბრალდებებიც სწორედ რუსული სტანდარტით მოდის. ეს არ არის ის, რაც სამართლებრივ სახელმწიფოს, მით უმეტეს, ქართულ სახელმწიფოს უნდა ახასიათებდეს. ქვეყანაში ასეთი პოლიტპატიმრების ყოლა სრული ეროვნული იზოლაციის წინაპირობა. პრინციპი აქვთ, რომ თავიანთი ოპონენტები ციხეში ჩასვან. ამიტომ ვამბობთ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა და რეპრესიებია. ესენი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი პოლიტპატიმარი ჰყავდეთ, რათა ხელისუფლება და მთავრობა შეინარჩუნონ, რათა მილიონები მოიპარონ, ქართველი ხალხი დააყაჩაღონ და ბიუჯეტი გაფლანგონ. ისინი ამ ქვეყანას უყურებენ, როგორც მეწველ ძროხას, რომელსაც რძე რომ დაუშრება, შემდეგ დაკლავენ. ეს არის ჩვენი სამშობლო, რომელსაც არავის დავუთმობთ. მიმაჩნია, რომ ის უნდა გავაკეთო, რასაც ვაკეთებ. მე ვაპროტესტებ, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრები და არალეგიტიმური ხელისუფლება გვყავს. თავად ჩვენი კოალიცია რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ჯერ არ ვიცი, რადგან ამბავი ახალია, მაგრამ მე პროტესტს გავაგრძელებ, კიდევ უფრო იზრდება ჩემი მოტივაცია, რომ რა მოთხოვნითაც ვშიმშილობ, ეს გავაგრძელო“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
საქართველოს პროკურატურაში დღევანდელ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
0
0