
შიდა და გარე პროვოკაციების მიუხედავად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ომი არ იქნება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ფაშინიანის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების პროექტი შეთანხმებულია და ხელმოწერას ელოდება.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონმა დაიმსახურა უფლება, იცხოვროს მშვიდობიანად და აყვავებულად.
„ბოლო წლებში ჩემი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი დავუთმე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებთან „ნამდვილი სომხეთის“ იდეოლოგიის შესახებ დისკუსიებს. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი პროცესია. „ნამდვილი სომხეთის“ იდეოლოგია ჩვენი ისტორიის წაკითხვისა და ხელახლა წაკითხვის შედეგია. „ნამდვილი სომხეთის“ იდეოლოგია ისტორიული სომხეთის მიერ ჩვენთვის გამოგზავნილი შეტყობინების წაკითხვის შედეგია. ის ამბობს: ნუ გაჰყვებით ჩემს გზას, არამედ ფოკუსირდით თავისუფლების, ბედნიერებისა და კეთილდღეობის აშენებაზე ჩვენი ოცნების ქვეყანაში. დღეს ჩვენ გვაქვს ასეთი შესაძლებლობა და ვალდებულნი ვართ, ის გამოვიყენოთ. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი რეგიონის მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის შექმნაში“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
0
0